მალე მოდით რა, რაღაც იარაღები ეჭირათ, ჯოხი რკინის - 19 წლის ფეხბურთელის სკანდალური საქმის დეტალები (ვიდეო)
მალე მოდით რა, რაღაც იარაღები ეჭირათ, ჯოხი რკინის - 19 წლის ფეხბურთელის სკანდალური საქმის დეტალები (ვიდეო)

A+ A-

15:07 07/07/2020

„მალე მოდით რა, მანქანით არიან, შეიძლება, წავიდნენ“, - ასე ითხოვდა 112-გან დახმარებას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად და ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის „ოქროს მოწმე“, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე.

ამ საქმეზე, ამ ეტაპზე, შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - 121 ჩხრეკა, გამოკითხულია 93 პირი. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სკანდალური საქმის დეტალები და საგამოძიებო მოქმედებები

„საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის, გამოკითხულია 93 პირი, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან - ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი;

საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები;

 

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

აქვე მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედია საშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად“, - განაცხადა ბორცვაძემ.

როგორ ითხოვდა ბრეგვაძე 112-გან დახმარებას

ამასთანავე, უწყებამ გამოაქვეყნა საქმეში ერთი-ერთი ოქროს მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აუდიო ჩანაწერი, სადაც გარკვევით ჩანს, როგორ ესაუბრება ბრეგვაძე 112-ის ოპერატორს და როგორ გადასცა ინფორმაცია მცხეთის ტრასაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

იაკობ ბრეგვაძე – მცხეთაში ვარ, მცხეთა თიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და მალე რომ მოხვიდეთ შეილება?

ოპერატორი – მცხეთაში ხართ ბატონო? მისამართი რომ მითხრათ, ქუჩა

იაკობ ბრეგვაძე – არ ვიცი ქუჩა, ქებაბ ჰაუსი აწერია, კაროჩე რაღაც ადგილია. ჰო და ჩხუბი მოხდა და მალე რომ მოხვიდეთ

ოპერატორი -მცხეთის რაიონში ხართ ანუ ბატონო

იაკობ ბრეგვაძე – ანუ, ხო იცით ლოკაცია, ტელეფონით მიპოვით. მოდით მალე რა

ოპერატორი - თქვენი სახელი და გვარი

იაკობ ბრეგვაძე -იაკობ ბრეგვაძე

ოპერატორი - რამდენი ადამიანი ჩხუბობს, მისამართი გადავეცი ბატონო.

იაკობ ბრეგვაძე – არვიცი, 10 ალბათ

ოპერატორი – რაიმე საგანი ხომ არ ფიგურირებს, ან დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი?

იაკობ ბრეგაძე – კი, კი კაროჩე მანქანით მოვიდნენ, მე დავიმალე იმიტომ რომ აზრი არ ქონდა რომ ჩავრეულიყავი, რაღაც იარაღები ეჭირათ, ჯოხი, რკინის რაღაცა ალბათ

ოპერატორი – ცეცხლსასროლი იარაღი არ ეჭირათ ბატონო

იაკობ ბრეგვაძე – არა არა, ოღონდ მალე მოდით, იმიტომ რომ შეილება მანქანით რომ არიან, წავიდნენ და მალე მოდით რა,

ოპერატორი – ეს უშუალოდ მცხეთაში არის თუ მცხეთა მთიანეთის ტერიტორიაზე?

იაკობ ბრეგვაძე – აი, ბათუმიდან შემოსასვლელი გზა რომ არის მცხეთისკენ, მანდ არის ქებაბ ჰაუსი აწერია და ლოკაცია შეგიძლიათ ტელეფონით იპოვოთ და მალე მოდით რა.

ამის შემდეგ ფოტოგრაფს 112-დან მისამართის დასადგენად ხელმეორედ ურეკავს.

112 ურეკავს იაკობ ბრეგვაძეს

ოპერატორი - ბატონო იაკობ, 112 დან გიკავშირდებით, თქვენს მიერ გადმოცემული ლოკაცია სამწუხაროდ ვერ მოვძებნეთ, ქებაბ ჰაუსი სწორად მესმის?

იაკობ ბრეგვაძე – არაგვის ხიდი ხომ იცით სადაცაა.

ოპერატორი – არაგვის ხიდი?

იაკობ ბრეგვაძე – ხო

ოპერატორი - დიახ, არაგვის ხიდი, შემდეგ ზუსტად არაგვის ხიდზე. ზუსტად არაგვის ხიდზე უნდა მოვიდეს პოლიცია?

იაკობ ბრეგვაძე – კი წეღან დამირეკა პოლიციამ და მითხრა რომ კაიო და რავიცი აბა. მოვა რო?

ოპერატორი – კარგით გადავცემ ამას, კიდევ რაიმე ორიენტირს ხომ არ მომაწვდით?

ირაკლი ბრეგვაძე – არა, რავიცი ტიპები არიან არაგვის ხიდზე, რომლებიც არიან რავიცი, იდეაში დამნაშავეები, იმიტომ რომ მანქანიდან გადმოვიდნენ და დაგვაყარეს ესე რომ ვთქვათ.

ოპერატორი – დაშავებულები არიან ბატონო, სასწრაფო არის საჭირო?

იაკობ ბრეგვაძე – წესით კი, მაგრამ ანუ რავი რა, პროსტა მოდით.

ოპერატორი - დიახ, სასწრაფოსაც გადავეცი, ეს თქვენი განცხადება, ზუსტად არაგვის ხიდზე უნდა მოვიდეს მცხეთაში?

იაკობ ბრეგვაძე – ხო

ოპერატორი – ტელეფონთან ყურადღებით იყავით.

იაკობ ბრეგვაძე –კი, ანუ ერთი წუთით ეხლა გადაეცით?

ოპერატორი – არა ბატონო, გადაცემულია ეს გამოძახება, უბრალოდ ვერ აგნებდნენ ამ ტერიტორიას, ანუ ქებაბ ჰაუსი არ არის ესეთი მცხეთაში, როგორც ამბობენ, დიახ ანუ ზუსტი ლოკაცია გვინდოდა.

იაკობ ბრეგვაძე – ერთი წუთით ანუ შეგიძლია გააუქმოთ გადაცემა?

ოპერატორი – აღარ არის ჩხუბი?

იაკობ ბრეგვაძე – ანუ აღარ, მორჩა ყველაფერი, დაიშალა ყველა, წავიდნენ, და რაღა აზრი აქ ეხლა რომ მოხვიდეთ, მარტო მე დამიჭერთ თუ რას იზამთ?

ოპერატორი – დაჭერით თქვენ არ დაგიჭერენ ბატონო, გადავცემ ამ ინფორმაციას, ყოველი შემთხვევისთვის მაინც, ზუსტად არაგვის ხიდზე ხართ? ანუ ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე.

იაკობ ბრეგვაძე – უბრალოდ გააუქმოთ შეგიძლიათ?

ოპერატორი – გადავცემ დიახ გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მაგრამ თქვენი ლოკაციის დაზუსტება მინდა უსაფრთხოების მიზნით, რომ თქვენ ხართ ეხლა ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე არაგვის ხიდზე? კითხვაზე რომ გამცეთ პასუხი თუ შეიძლება

იაკობ ბრეგვაძე – კი

ოპერატორი – კარგით გადავცემ ამ ინფორმაციას.

შს მინისტრის მოადგილემ აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ განმარტა, რომ თუ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე პროკურატურას გადაეცემა.

„რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი“, - განაცხადა ბორცვაძემ.

რატომ არ იცნობს მინისტრის მოადგილე სკანდალური საქმის ჩვენებებს დეტალურად?

შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

მისი თქმით, მისთვის გაუგებარია თუ როგორ სცემს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხს შს მინისტრის მოადგილე ბორცვაძე თუკი საქმის მოწმეების ჩვენებებს დეტალურად არ იცნობს.

“მომეჩვენა ახლა ეს თუ ნამდვილად თქვა ამ შს მინისტრის მოადგილემ? ჩვენებებს დეტალურად არ ვიცნობო. ჩვენებებს თუ არ იცნობს დეტალურად, რანაირად სცემს პასუხებს ჟურნალისტებს,როცა სწორედ ეს ჩვენებებია ყველაზე საეჭვო…", - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.