ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაცია ისე შეარყია, რომ საფრთხის წინაშე დააყენა - ბადრი ჯაფარიძე
ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაცია ისე შეარყია, რომ საფრთხის წინაშე დააყენა - ბადრი ჯაფარიძე

A+ A-

17:26 07/07/2020

„ქართულმა ოცნებამ" ისე შეარყია ქვეყნის რეპუტაცია, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ დაფინანსების 15%-ით შესაძლო შემცირების საკითხს ეხმაურება.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მთავრობისგან ხაზგასმით მოითხოვს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ შესაბამისი ქმედებების გატარებას, კანონისა და ბიზნესის შევიწროებისგან დაცვას, რომლის მართვას და განხორციელებას მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან უნდა ველოდოთ.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაცია ისე შეარყია, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა, ვეღარ მივიღოთ აშშ-სგან იმ ოდენობის დახმარება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ ქვეყანას. თუკი დღევანდელი ხელისუფლება გააგრძელებს იმ სტილში საქმიანობას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამერიკა ხედავს, რომ საქართველოში ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა, კორუფციის საშიში მასშტაბებით გაზრდა, კერძო ინვესტიციების ხელყოფა და უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან გაძევება. ამის ნათელი მაგალითი კი ანაკლიის პორტია. ხელისუფლების მხრიდან ამის აღიარების მოლოდინი კი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს. კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციების გატარება დაიწყო და ქვეყანას დაფინანსება 15%-ით შეუმცირა.