19 წლის ფეხბურთელის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე ლაბორატორიული კვლევები დასრულებულია - როდის დაიდება ექსპერტიზის დასკვნა?
19 წლის ფეხბურთელის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე ლაბორატორიული კვლევები დასრულებულია - როდის დაიდება ექსპერტიზის დასკვნა?

A+ A-

19:00 07/07/2020

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული და ბუნდოვანის გარდაცვალების საქმეზე ლაბორატორიული კვლევები უკვე დასრულებულია და წესით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგები 2-3 დღეში უნდა დაიდოს.

ამის შესახებ "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

„ლაბორატორიული კვლევები უკვე დასრულებულია. ახლა ექსპერტებმა უნდა იმუშაონ და საბოლოო დასკვნა დადონ საქმეზე. 2-3 დღე დასჭირდებათ“, - აცხადებს წყარო.

აღსანიშნავია, რომ საქმის საგამოძიებო პროცესთან და საექსპერტო კვლევებთან დაკავშირებით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან - ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები.

ნიმუშების ანალიზების პასუხი სამხარაულის საექსპერტო ბიუროში უკვე დევს და გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე  ახლა თავად ექსპერტებმა უნდა დადონ საბოლოო დასკვნა, თუ რა მოხდა რეალურად 19 ივნის ღამეს მცხეთაში - მოკლეს თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია გიორგი შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.  4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

ანა ქორჩილავა