თურქეთის საზღვარზე უმძიმესი მდგომარეობაა და გახსნა სახიფათოა - ვოლსკი
თურქეთის საზღვარზე უმძიმესი მდგომარეობაა და გახსნა სახიფათოა - ვოლსკი

A+ A-

15:06 08/07/2020

თურქეთის საზღვარზე უმძიმესი მდგომარეობაა, კონტროლი სუსტია და გახსნა სახიფათოა. ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის უკმაყოფილებას, რაც იმან გამოიწვია, რომ თურქეთთან სახმელეთო საზღვარი არ იხსნება, მოსახლეობა კი აპროტესტებს.

ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე და მიმოსვლებზე ჰაიჰარად არ განიხილება. 

„როცა ევროკავშირის 5 ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, რასაკვირველია, ორმხრივად ყველაფერი გაწერილია იმისთვის, რომ საქართველოს და ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას. არც ისინი არიან ხელჩამოშვებულები და დილეტანტები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ვითარება, სტატუს-კვო შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. არავინაა თვითმკვლელი. როცა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე და მიმოსვლებზე ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად. ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ეჭვები შეიტანოს თითქოს რაღაც არასწორად კეთდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, კი ვიცე-სპიკერი აცხადებს, საზღვრის გახსნა სახიფათოა და ხელისუფლება მოსახლეობის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებს.

"უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის, რათა ჩვენ მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ ჩამოსულებმა რისკი შეუქმნან კვლავ ჩვენს მოქალაქეებს. თორემ ხელისუფლებისთვის რასაკვირველია შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულე რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არაა ე.წ.ოპოზიციის პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლო ხალხია, არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ. ვითარება რომ დამძიმდეს, კაციშვილს ვერ იპოვით რომ გიპასუხოთ რას ლაპარაკობდენ რამდენიმე დღის წინ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვრები გაიხსნა.

ეს ქვეყნებია : გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება სახმელეთო საზღვრების გახსნა.