სანქციების შესაძლო დაწესება არ არის სასიამოვნო, თუმცა, ქართული დემოკრატია პროგრესირებს და ამას ჩვენი პარტნიორებიც დაინახავენ - გახარია
სანქციების შესაძლო დაწესება არ არის სასიამოვნო, თუმცა, ქართული დემოკრატია პროგრესირებს და ამას ჩვენი პარტნიორებიც დაინახავენ - გახარია

A+ A-

12:04 10/07/2020

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესება არ არის სასიამოვნო, თუმცა, ქართული დემოკრატია პროგრესირებს და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც დაინახავენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა. როგორც გახარიამ განმარტა, საერთაშორისო პარტნიორები არიან ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მათ ყველა ნათქვამს მთავრობა ითვალისწინებს. „რა თქმა უნდა, ამაში არაფერი სასიამოვნო არ არის.

საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, წინასაარჩვენო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო.

ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ამ ცვლილების მიღების შემდგომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს.

ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ და თქვენ ყველანი, ჩვენთან ერთად ამას ნახავთ.

საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თითოეული მათი ნათქვამი ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში.

ეს არის ცუდი, რადგან საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბოლოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ, ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ.

ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია. ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საგარეო ოპერაციების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს, რომელსაც განხილვის დროს შესწორებები არ შეეხო და პირველადი სახით დამტკიცდა.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე.