ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იქნება სწორი ნაბიჯი, ეს მას ბევრი პრობლემისგან დაიცავს - ხუხაშვილი
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იქნება სწორი ნაბიჯი, ეს მას ბევრი პრობლემისგან დაიცავს - ხუხაშვილი

A+ A-

16:15 10/07/2020

ქვეყნის ფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებას ექსპერტი გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს.

როგორც „2020NEWS“-თან საუბრისას ხუხაშვილმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვინაიდან, ვინც სახელმწიფოს მართავს და ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ის უნდა იყოს ინსტიტუციური ლიდერიც.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ვარაუდის დონეზე გამოითქვა, ამიტომ დიდად დადასტურებულად და სერიოზულად ამ საკითხს არ ვუყურებ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის რესოციალიზაცია იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. მე ამას დიდი ხანია ვამბობ, იმიტომ, რომ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი და ინსტიტუციური ცენტრი არის ერთმანეთისგან შორს, ეს ეფექტურობისა და ცივილურობის თვალსაზრისით, ძალიან პრობლემატურია სახელმწიფოს მართვაში. ზოგადად, სახელმწიფოს ვინც მართავს და ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ის უნდა იყოს ინსტიტუციური ლიდერიც, ანუ პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, თუ ბიძინა ივანიშვილი ახლა მაინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რა მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მე მივესალმები ამას. მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ მაინც ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინაიდან ძალია ბევრჯერ ვურჩიე მას დაბრუნება თუმცა, „ყურებიც არ შეუპარტყუნებია“,- ამბობს ხუხაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ხომ არ არის ე.წ ვაჭრობის საგანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს სანქციებს? - ექსპერტი პასუხობს: სიმართლე გითხრათ მე თეორიებში ღრმად შესვლა არ მინდა. თუ ის გადაწყვეტილებას მიიღებს და დაბრუნდება, კარგია. თუნდაც ეს მოხდეს პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენის მოტივით.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იქნება სწორი ნაბიჯი და თუ გახდება ინსტიტუციური ლიდერი, ბუნებრივია ეს ბევრი პრობლემისგან დაიცავს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების "ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.