"კაწროს" ჩვენება – რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი
"კაწროს" ჩვენება – რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი

A+ A-

15:53 11/07/2020

ცნობილი გახდა ავთანდილ ბილანიშვილის (კასწრო) ჩვენება, რომელიც მან საგამოძიებო ორგანოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მისცა.

„2020 წლის 18 ივნისს დილის საათებში გამოვედი სახლიდან და ჩვეულებრივ უბანში ვიყავი მეგობრებთან სალაპარაკოდ. დროგამოშვებით შევდიოდი სახლში და გამოვდიოდი ისევ ჩემს ქუჩაზე მეგობრებთან, ზოგადად მახსოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩუღურეთის უბანს არ გავცილებივარ, ყოველ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ქალაქის ტერიტორიიდან არ გავსულვარ.

ღამის საათებშიც ვიმყოფებოდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვსარგებლობდი „ფეისბუქით“ და სხვადასხვა სოციალური ქსელით და დაახლოებით, უკვე 2020 წლის 19 ივნისის 02:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად. ჩვეულებრივ მეძინა დილამდე და არსად არ გავსულვარ.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიიდან.

პიროვნებებს – თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ლაშა შერმანდინს, გიორგი მერაბიშვილს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკოლოზ ქანაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, აკაკი ქვრივიშვილს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოქშელიძეს, ირაკლი წაქაძეს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გიგა ტატიაშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზეზვა ხომასურიძეს, გიორგი ქათამაძეს, ნიკა ხეჩოშვილს, გურამ ამირხანაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, იაკობ ბრეგვაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ვახტანგ ჩიქოვანს, ანი გაბეჩავს, არ ვიცნობ.

ამ პიროვნებების სახელი და გვარები პირველად მესმის, არ გამოვრიცხავ რომელიმე მათგანი სადმე შემხვედრია, მაგრამ არ მახსოვს ზემოთ დასახელებულ პიროვნებებთან როდესმე რაიმე სახის ურთიერთობა მქონოდა. არც გიორგი შაქარაშვილს ვიცნობდი.

2020 წლის 7 ივლისს მე ტელეკომპანია „მთავრი არხის“ ეთერში ვნახე სიუჟეტი სადაც გარკვეული სახით დამაკავშირეს ამ საქმესთან და ვინმე გურამ ამირხანაშვილთან, თითქოს მას შევხვდი 2020 წლის 19 ივნისის ღამეს დიდუბის მეტროსთან. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო რადგან არც გურამ ამირხანაშვილს და არც დანარჩენ პიროვნებებს არ ვიცნობ, ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არასდროს არ შევხვედრივარ და არც დისტანციური საუბარი მქონია.

შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ სიუჟეტში გასული პირი მე არ ვარ და კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მთელი ის დღე და ღამე ვიმყოფებოდი ჩემს უბანში და სახლში.

მე დღეს ვიმყოფებოდი „მაგთიკომის“ ოფისში რომლის აბონენტიც ვარ და დამადასტურებლად იმისა, რომ 2020 წლის 18 ივნისის ღამის საათებიდან 2020 წლის 19 ივნისის დილის ჩათვლით ვიმყოფებოდი სახლში, გამოძიებას წარვუდგინე ჩემი ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდი, 9 ფურცლად, რომელიც შეგიძლიათ დაურთოს საქმეს. მე ასევე დამატებით წარმოგიდგენთ ჩემი ტელეფონის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებს საქმეზე დასართავად“
კითხვა: როდის გაიგეთ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ?
პასუხი: „მე ამის შესახებ გავიგე 2020 წლის 19 ივნისს ტელევიზიის მეშვეობით“
კითხვა: გქონდათ თუ არა ჩხუბში მონაწილე რომელიმე პირთან იმ დღეს ან მომდევნო დღეებში შაქარაშვილის თემაზე საუბარი?
პასუხი: „მე ამ თემაზე არავისთან საუბარი არ მქონია. ზოგადად ტელევიზიიდან ვიცი, რომ ჩხუბში მონაწილეობდნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები. კონკრეტულად თუ ვინ მონაწილეობდა იმ პირების ვინაობა დღესაც არ ვიცი“
კითხვა: როდის იმყოფებოდით ბოლოს მცხეთის ტერიტორიაზე?
პასუხი: „ბოლოს მცხეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი დაახლოებით ერთი თვის წინათ“
კითხვა: ხომ არ გეცნობათ ტელეეთერში ნანახი მიკროავტობუსი?
პასუხი: „ტელეეთერში ნანახი მიკროავტობუსი არ მეცნობა, არ ვიცი თუ ვის ეკუთვნის“
კითხვა: ხომ არ გეცნობათ სამარშუტო მიკროავტობუსიდან გადმოსული თეთრპერანგიანი ახალგაზრდა?
პასუხი: თეთრპერანგიანი ახალგაზრდა, რომელზეც ტელეკომპანიებმა გააშუქეს, რომ მე ვიყავი არ მეცნობა.

წყარო: პრაიმტაიმი