საიდან წარმოიშვა კოვიდ19? - ჯანმოს სპეციალისტები ჩინეთში ჩავიდნენ
საიდან წარმოიშვა კოვიდ19? - ჯანმოს სპეციალისტები ჩინეთში ჩავიდნენ

A+ A-

11:32 12/07/2020

საიდან წარმოიშვა კორონა ვირუსი? ამის დადგენას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ცდილობს. დღეს, ვუჰანში ჩავიდა სპეციალისტთა პირველი ჯგუფი, რომელიც კვლევისთვის საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს. უახლოეს პერიოდში, კი მათ დამატებით შეუერთდებიან ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაიწყებენ გამოძიებას. სპეციალისტებმა უნდა გასცენ პასუხები კითხვებს - როდის წარმოიშვა ვირუსი? არის, თუ არა ვირუსი ხელოვნურად შექმნილი? საიდან გავრცელდა ვირუსი, ლაბორატორიიდან თუ ე.წ. სველი ბაზრიდან.

"კოვიდ19 უფრო და უფრო ძლიერდება და პანდემია გრძელდება. ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ როგორ წარმოიშვა ვირუსი და როდის დაინფიცირდა პირველი ადამიანი. აუცილებელია დადგინდეს პირველწყარო და შემდეგ რეაგირება მოხდეს ამაზე. ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ საჭირო კითხვებს პასუხები გაეცეს,"- აცხადებს სააგენტო როიტერთან საუბრის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარგარეტ ჰარისი.

ვუჰანში სპეციალისტები მუშაობას ორშაბათიდან შეუდგებიან. განცხადება, რომ სპეციალისტთა ნაწილი ჩინეთში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დღეს გაკეთდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვირუსის წარმოშობის შესახებ ჩინეთში გამოძიებაში საერთშორისო სპეციალისტები ერთვებიან.

ჩინეთმა ვირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მისცა, უარი უთხრეს ფრანგებს, გერმანელებს, ბრიტანელებს და ავსტრალიელებსაც. ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებთან ერთად, გამოძიებაში ჩართულები იქნებიან სპეციალისტები ჩინეთიდან.

ამ დროისთვის, ჩინეთში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორი სპეციალისტი. მათ შორის, ეპიდემიოლოგი და ვეტერინარი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არ არის დადასტურებული იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მათი ორგანიზაციიდან ჩინეთში გამოძიებისთვის ჩავლენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთი წარმომადგენლები თავად შეარჩიონ.

ვირუსის წარმოშობის და გავრცელების შესახებ არაერთი მოსაზრება ვრცელდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თვლიან, რომ ვირუსი ვუჰანში ლაბორატორიიდან გავრცელდა, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება თეთრი სახლიდან და სახელმწიფო მდივანმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებსაც მიმართა.

მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო განცხადებებისა, ჩინეთში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელება ლაბორატორიიდან არ მომხდარა. ჩინეთი ამერიკელ სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას გამოძიებაში ჩაერთონ და მიიღონ პასუხები კითხვებზე. მეტიც ჩინეთში ამბობენ, რომ დასავლეთის ქვეყნები მათ მიმართ პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებენ.

წყარო: ამერიკის ხმა