გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება

A+ A-

11:32 14/07/2020

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ “2020NEWS”-ს საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველმა, ალექსი კობაიძემ განუცხადა.

სააგენტოსთან საუბარში ადვოკატი შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოჯახი ავტომანქანა „ტოიოტა ქამრის“ 6-ვე  მგზავრის  სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

მისივე თქმით, დაზარალებულ მხარეს მსგავსი მოთხოვნის უფლება აქვს.

„დაზარალებულს აქვს ამის მოთხოვნის უფლება. დაზარალებულია და რასაც უნდა იმას მოითხოვს. მაგრამ ფაქტებია საჭირო, მთავარია პროკურატურა მოწოდების სიმაღლეზე იყოს“, - განაცხადა კობაიძემ.

კითხვაზე ამჟამად საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლევა თუ არა „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში მსხდომი პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას, ადვოკატი გვპასუხობს:

„საქმეში არსებული მტკიცებულებები რა თქმა უნდა ამის საშუალებას არ იძლევა.

მე მაქვს მოლოდინი, რომ მათ ამ კუთხით ბრალს არ წარუდგენენ, რადგან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

ამასთანავე, როგორც შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა და ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა არის, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა უმძიმეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.

ცნობისთვის, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით და მას მეოთხე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

ანა ქორჩილავა