შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან სამი მანქანა წავიდა - ამირხანაშვილის ჩვენება
შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან სამი მანქანა წავიდა - ამირხანაშვილის ჩვენება

A+ A-

16:39 15/07/2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, პირველი გამოკითხვისას, გამომძიებლებს ეუბნება, რომ გიორგი შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან მცხეთაში სამი მანქანა წავიდა.

ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც ის „ტოიოტა კამრის" ექვსმა მგზავრმა დიდუბეში ჩამოსვა, ტაქსიში ჩაჯდა, ტაქსის მძღოლს ტელეფონი სთხოვა და დასახმარებლად მეგობარს, ირაკლი წაქაძეს დაურეკა. ირაკლი წაქაძე შაქარაშვილის საქმეზე ამჟამად ბრალდებულია. მას გამოძიება 126-ე მუხლს, ცემას ედავება. გამოძიების თანახმად, ის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში ვკითხულობთ:

„ჩემი ტელეფონი ჩხუბამდე ვათხოვე კოკოს (კონსტანტინე ღიბრაძე), ტაქსის მძღოლმა მომცა თავისი ტელეფონი, რითაც მაშინვე დავურეკე ირაკლი წაქაძეს. მოვუყევი მომხდარი ფაქტის შესახებ და ვთხოვე, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო უკან და მოეძებნა გიორგი შაქარაშვილი. აღნიშნულზე ირაკლი წაქაძე დამთანხმდა. დილას მითხრა, რომ სამი ავტომანქანით წავიდნენ ირაკლი და მისი მეგობრები გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ".

აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილის ე.წ. სამძებრო ღონისძიებაზე, ამირხანაშვილი სხვა არცერთ ჩვენებაში აღარ ლაპარაკობს.

19 წლის ირაკლი წაქაძე, ფეხბურთელი, დაბადების დღეზე იუბილარმა მიიპატიჟა. წაქაძე ნარეკვავში მდებარე აგარაკზე თავისი კუთვნილი ავტომობილით, ვერცხლისფერი „მერსედესით", რამდენიმე მეგობართან ერთად ჩავიდა. გამოკითხვის ოქმის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს ის „მისი სპორტული კარიერიდან გამომდინარე" იცნობდა. ირაკლი წაქაძე გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას.

აგარაკზე ჩხუბის დასრულების შემდეგ, წაქაძე და მისი მეგობრები, მათ შორის, იუბილარიც, მისი კუთვნილი „მერსედესით" მიდიან მის სახლში, ლისზე. წაქაძის გამოკითხვის ოქმში, არსად წერია, რომ მას დასახმარებლად გურამ ამირხანაშვილი ურეკავს. თუმცა, წერია, რომ მის მეგობარს, ლუკა ბეჟანიშვილს, რომელიც ასევე იმყოფებოდა დაბადების დღის წვეულებაზე, ურეკავს ვახტანგ ახვლედიანი, (საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც მცხეთის მაგისტრალზე შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა) და დახმარებას სთხოვს:

„ვახო ახვლედიანმა უთხრა, რომ „ის „ნახალოვკელები" უკან დაბრუნდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ღიბრაძეს, ქათამაძეს, ამირხანაშვილსა და შაქარაშვილს".

ამის შემდეგ, ახალგაზრდები, იუბილარის გარდა (წაქაძის ჩვენების თანახმად, ის სხვა მანქანაში გადაჯდა), მისი კუთვნილი მანქანით, ლისიდან მიდიან საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე, სადაც ხვდებიან ლუკა ბეჟანიშვილის მეგობრებს. წაქაძის ჩვენების თანახმად, სწორედ ეს პირები მიდიან მცხეთაში სამი მანქანით:

„ლუკას და საბას [საბა ჩხარტიშვილი, ერთ-ერთი ბრალდებული] მეგობრები, რომელთა ვინაობაც ჩემთვის უცნობია, წავიდნენ მცხეთაში დარჩენილი მეგობრების ჩამოსაყვანად. მე დეტალურად არ დავკვირვებივარ მათ მანქანებს, თუმცა, მახსოვს, რომ ერთი იყო ვერცხლისფერი „ლექსუსი", მეორე, მუქი ფერის ჯიპის ტიპის მანქანა, ხოლო მესამე არ მახსოვს. მე და ჩემი მეგობრები დავრჩით ჩემს მანქანაში. მცხეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, მათ თბილისში ჩამოიყვანეს ვახო ახვლედიანი, კონსტანტინე ღიბრაძე და ქათამაძე. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გურამ ამირხანაშვილს მოუხერხებია და ტაქსით წამოსულა სახლში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, როგორც მოგვიანებით, ჩემთვის და ბიჭებისთვის გახდა ცნობილი, უცნობი მიმართულებით გაქცეულა. დღეს დილას, ჩვენს სამეგობროს გვირეკავს გიორგი შაქარაშვილის დედა და გვეუბნება, რომ გიორგი სახლში არ დაბრუნებულა. ასევე გვეკითხებოდა, ხომ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი"... ეს ჩვენება ირაკლი წაქაძემ გამოძიებას 19 ივნისს მისცა.რაც შეეხება სამ ავტომობილს, რომლებზეც გურამ ამირხანაშვილი და ირაკლი წაქაძე ჩვენებებში ლაპარაკობენ:

ერთი ავტომობილი, დიდი ალბათობით, არის ის „ნაცნობი ტაქსი", რომელსაც ინციდენტის ადგილიდან მოჰყავს ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე. ამ ავტომობილი შესახებ ვახტანგ ახვლედიანი ლაპარაკობს თავის ჩვენებაში და ამბობს: "მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანეთ სახლში. რამდენიმე წუთში, ჩვენთან მოვიდა ჩემი მეზობელი კახა, გვითხრა, ლუკამ გამოგვგზავნაო, რის შემდეგაც, მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში".

მუქი ფერის ჯიპის ტიპის ავტომობილი, შესაძლოა იყოს სწორედ ის შავი ფერის „ჰიუნდაი", რომლის შესახებაც იმ ტაქსის მძღოლი ლაპარაკობს, რომელმაც ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე თბილისში წამოიყვანა:

„ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ".

წყარო: რადიო თავისუფლება