გაერთიანდებიან თუ არა კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი და დილარ ხაბულიანი?
გაერთიანდებიან თუ არა კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი და დილარ ხაბულიანი?

A+ A-

15:05 28/07/2020

„2020NEWS’’-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური პლატფორმა დაფუძნდება, სადაც ბიზნესმენები დილარ ხაბულიანი, ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი გაერთიანდებიან.

„2020NEWS’’-ის წყაროს ინფორმაციით, მათ შორის კონსულტაციები საკმაოდ ინტესიურად მიმდინარეობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან საუბარს თავს არიდებენ როგორც ცეზარ ჩოჩელი, ასევე კახა ოქრიაშვილი.

„2020NEWS’’-თან საუბარში კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებთან, მათ შორის იყრის თუ არა კენჭს ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქში, დამოუკიდებელ კანდიდატად და ვის მოიაზრებს სამომავლოდ, პოლიტიკურ პარტნიორად, რამდენიმე დღეში შეატყობინებს საზოგადოებას.

რამდენიმედღიანი ვადა აიღო „ზედაზენის’’ დამფუძნებელმა ბიზნესმენმა, ცეზარ ჩოჩელმაც, რომელმაც „2020NEWS’’-ს უთხრა, რომ მედიას ყველა კითხვაზე მაშინ გასცემს პასუხს, როდესაც საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ოფიცალურ განცხადებას გააკეთებს.

“ნაწილობრივ ვადასტურებ, რომ შესაძლოა, დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყარო კენჭი მაჟორიტარულ არჩევნებში. სხვა ინფორმაციებს ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ. ყველა კითხვაზე მაშინ გაგცემთ პასუხს, როდესაც ოფიციალურად გავაკეთებ განცხადებას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კი „პსპ ფარმას’’ დამფუძნებელი და მრავალგზის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქში, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი კი მცხეთა-თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის სამაჟორიტარო ოლქის მოგებას შეეცდება, ხოლო დილარ ხაბულიანი რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის მაჟორიტარის მანდატის მოპოვებისათვის იბრძოლებს.

„2020NEWS“-თვის ასევე გახდა ცნობილი, რომ ისინი აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ, მთავარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, თუმცა როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

ხატია მამულია