უხდის თუ არა პუტინი ბჟანიას სამაგიეროს ხაჯიმბას გამო?
უხდის თუ არა პუტინი ბჟანიას სამაგიეროს ხაჯიმბას გამო?

A+ A-

19:32 30/07/2020

უხდის თუ არა სამაგიეროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, მისი ხელდასმული წინა დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას საპრეზიდენტო სავარძელიდან გაძევების გამო? ოთხი თვეა, რაც დე ფაქტო აფხაზეთს ახალი მმართველი ჰყავს, ასლან ბჟანიას სახით და იგი ე.წ მთავრობის წევრებთან ერთად უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვში, ფინანსური დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ამაოდ.

მოსკოვი დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის განკუთვნილ დოტაციას არასრულად და დიდი დაგვიანებით რიცხავს, რასაც სოხუმში ზეწოლად აღიქვამენ.

ბჟანია, ამავდროულად, აკეთებს იმას, რასაც პუტინის პირადი „კაცი“ ხაჯიმბა არ აკეთებდა. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, წინამორბედისგან განსხვავებით, გალში ეთნიკურ ქართველებსაც ხვდება და გაუმჯობესებას ჰპირდება იმ უფლებრივი მდგომარეობის, რომელიც მათ ხაჯიმბამ დაუმძიმა. 

 

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე თვლის, რომ ბჟანიას აფხაზურ პოლიტიკაში მოსვლა, ქართველებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

-დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებისთვის რუსეთის „დაფინანსების’’ შეწყვეტა, ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიმართ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი დამოკიდებულების შედეგია? ბჟანიამ ხომ მისი ხელდასმული რაულ ხაჯიმბა, ფაქტობრივად, პრეზიდენტობიდან „მოხსნა“.

-შესაძლოა ასეც იყოს, თვითონ რუსეთს აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სწორედ ამით იმართლებს თავს სამხრეთ ოსეთთან და ცხინვალთანაც, თუმცა აფხაზეთისგან განსხვავებით, მათ რაღაცას მაინც უხდის. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ არა მხოლოდ ბჟანიას არამედ აფხაზური პოლიტიკური კლასის სიურჩის დამსახურებაა რუსეთის მსგავსი ქმედება.

-რუსეთის ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა ზეწოლას აფხაზეთზე, ანდაც სამაგიეროს გადახდას?

-ამ ტიპის ზეწოლები აფხაზეთზე ყოველთვის არის და იყო კიდევაც, ამიტომაც გასაოცარი და ახალი აქ არაფერია.

-გამოიწვევს თუ არა ეს ქმედება აფხაზი ხალხის გაღიზიანებას რუსეთზე?

-რა თქმა უნდა, გამოიწვევს გაღიზიანებას, თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარს აფხაზი ხალხი  ვერ ახერხებს.

-ვინ არის ახლა რუსეთი აფხაზი ხალხისთვის?

-აფხაზი ხალხისთვის რუსეთი ყოველთვის მტერი იყო. იმპერია ყოველთვის ცდილობს დაპყრობილი ხალხის დამორჩილებას. აფხაზეთის დაპყრობა რუსეთის მიერ 1860 დან 1880-იანი წლების განმავლობაშიც მიმდინარეობდა. სწორედ ამას შეეწირა უამრავი აფხაზი, თუმცა მათ ამის შესახებ საუბარი არ უყვართ, მათ ურჩევნიათ საქართველოს „დანაშაულზე’’ ისაუბრონ.

-რა მიზანი აქვს დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას დაბრუნებას აფხაზურ პოლიტიკაში?

-შამბა არის გამოცდილი და გონიერი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ მხარესთან ყველაზე ლოიალურია. ასევე ვიმედოვნებ, რომ მისი დაბრუნების ქართველებთან დიალოგის საჭიროებამ გამოიწვია...

-რას ნიშნავს შამბას დაბრუნება რუსეთისთვის?

-რუსეთისთვის განსაკუთრებითი მნიშვნელობა ამ საკითხს არ აქვს.

-რა უნდა გააკეთოს თბილისმა იმისათვის, რომ აფხაზი და ქართველი ხალხი მოლაპარაკების მაგიდასთან ვიხილოთ?

-რას აკეთებს თბილისი?! არაფერს! თბილისი დუმს! თბილისმა უნდა შექმნას ინიციატივათა პაკეტი, რომელიც დაფარულად ან ღიად გაუგზავნოს ჩვენს მოძმე ერს. აქ მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ დგას, ჩვენ უპირველესად ადამიანური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ. იმის მიუხედავად, რომ უამრავმა აფხაზმა იმკურნალა საქართველოში, ეს ფაქტორი ჩვენს ურთიერთობებზე არ მოქმედებს, მსგავსი ქმედებები მხოლოდ ზღვაში წვეთია.

-რა გადაადგილებებს უნდა ველოდოთ აფხაზეთის მთავრობაში?

-ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუკი ბჟანიამ გაუძლო ეკონომიკურ სიდუხჭირეს, შემდეგ შევძლებთ ამ საკითხის განხილვას.

-როგორ შეაფასებთ აფხაზეთის მდგომარეობას?

-ყველაფერი ერთად დაატყდა თავს  აფხაზეთს.. პოლიტიკური მდგომარეობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამასთანავე კორონავირუსი, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა აფხაზეთს.

ხატია მამულია