"ლაგოდეხის მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება, რადგან 13 მილიონი ლარი არაკანონზმომიერად დაიხარჯა"
"ლაგოდეხის მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება, რადგან 13 მილიონი ლარი არაკანონზმომიერად დაიხარჯა"

A+ A-

17:57 01/08/2020

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ლაგოდეხის მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს 13 მილიონი ლარი არაკანონზმომიერად დაიხარჯა.

ამის შესახებ გიორგი ბოტკოველმა ლაგოდეხში ადგილობრივების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

"13 მილიონი დაიხარჯა პროექტში და ერთი მადლიერი ადამიანი არ არის ამ პროექტის. დაიხარჯა არაკანონზომიერად და იქიდან მოპარულია თანხა, რაც დარჩა იმითაც არასწორად შესრულებულია სამუშაოები, შედეგად ლაგოდეხში მოდის დაბინძურებული წყალი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ლაგოდეხში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც 13 მილიონი დაიხარჯა, უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება.

ადგილობრივები უხარისხო წყალში თანხის გადახდას არ აპირებენ და წყლის მრიცხველების დემონტაჟსა და დაკისრებული გადასახადის ჩამოწერას მოითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, ქალაქში სარწყავი წყალი არ არის და იძულებული არიან, ნაკვეთების მოსარწყავად სასმელი წყალი გამოიყენონ, რაც გადასახადის რაოდენობაზე აისახება.

აქციის საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციების პერიოდულად გამართვას გეგმავს და სასამართლოში სარჩელის შეტანასაც არ გამორიცხავს.