ორი მიმართულებით გახსნილი ცეცხლი - "ყოფილი აღმაშენებლის" შეტევა ოპოზიციაზე
ორი მიმართულებით გახსნილი ცეცხლი - "ყოფილი აღმაშენებლის" შეტევა ოპოზიციაზე

A+ A-

18:10 03/08/2020

მომავალი აღმაშენებლისა და ყოფილი აღმაშენებლის დაჯახება, ბუნებრივი პოლიტიკური ჯახია. ასე აფაქსებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავდასხმას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე, რომელზეც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ბიზნესმენ  ვანო ჩხარტიშვილმა ის მმართველი ძალის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ბნელ მხარეზე გადაათრია“.

პოლიტიოლგი ასევე ვერ ხედავს  „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას გამარჯვების დიდ შანსებს ფოთი-ხობი-სენაკის სამაჟორიტარო ფრონტზე და აცხადებს, რომ მას პატარა პარტიების მხარდაჭერა ვერ უშველის, რადგან ორი დიდი პარტია ჰყავს დაპირისპირებული.

 

-ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი კოალიცია - „სტარტეგია აღმაშენებელის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა და მას „ბნელ მხარეს გადასული“ უწოდა. როგორ ფიქრობთ, ასეთი ოპოზიციური დაპირისპირებებით ხდება თუ არა ამ ფლანგის დაქსაქსვა, ივანიშვილის სასარგებლოდ?

რამაზ საყვარელიძე: ეს არის ბუნებრივი დაქსაქსვა. პოლიტიკაში ყველა ერთმანეთს ეჭიდავება. ინგლისელებმა კი თქვეს „მეგობრები და მტრები“ არ არსებობენო, საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ ინტერესები ყველას აქვს, რომ თავად მოიგოს. 

მომავალი აღმაშენებლისა და ყოფილი აღმაშენებლის დაჯახება ერთ-ერთი  ასეთი მომენტია. ეს არის ბუნებრივი დაჯახება, ეტყობა სააკაშვილს თავისი ინფორმაცია აქვს და მისდის ამბავი, რომ ვაშაძემ შესაძლოა, წაიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი და ახლა იბრძვის იმისათვის, რომ მის მიმართ სიმპათიით განწყობილი ამომრჩეველი არ შეცდეს, ვაშაძის პლატფორმა სააკაშვილისად არ მიიჩნიოს და მას ხმა არ მისცეს.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, ვისზეც იგი ფსონს დებს.

-ერთგვარი დაპირისპირება, ხომ არ არის თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, როდესაც ვხედავთ, რომ სააკაშვილის ვაშაძესთან დაპირისპირების შემდეგ, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, ახლა ერთიანობის დროა და არა - დაპირისპირებისო? რას ნიშნავს მისი ეს განაცხადა?

-მელიას ეს ფრაზა, უბრალოდ, მორიგი ფრაზაა, რომლის თქმასაც შეეჩვია ეს პოლიტიკური გუნდი. არა მგონია, ისინი ჩვენზე, გარედან მაყურებლებზე ნაკლებად ხედავდნენ იმას, რომ ერთიანობა პრაქტიკულად დაშლილია და შენარჩუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

-,ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, ზუგდიდში გიგი უგულავა, ხოლო ფოთი-ხობი-სენაკის სამაჟორიტარო ოლქში გიგა ბოკერია იბრძოლებს. ამ გუნდს აქვს თუ არა შესაძლებლობა ოპონირება გაუწიოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს და რა შანსები აქვთ მათ?

მე მაინც ორიენტიაცია მაქვს რიცხობრივ მონაცემებზე ჩემი პროფესიიდან - ფსიქოლოგიიდან  გამომდინარე. ეს რიცხობრივი მონაცემები არის სოციოლოგიური გამოკვლევები, მათ შორის, ის გამოკვლევებიც, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარდა.

„ქართული ოცნება“ არის წამყვანი და „ნაციონალებს“ სახარბიელო მდგომარეობა საკუთარ გამოკითხვებშიც კი  არ აქვთ.

ასევე არის ირიბი სოციოლოგიაც - რომელ ტელევიზიას უყურებს ხალხი, ანუ ადამიანებს  ჩვევია იმ გადაცემებზე ორიენტაცია, სადაც  იმას ამბობენ, რაც მათ სურთ და ყველაზე მაღალი რეიტინგი „იმედს“ აქვს.

ოპოზიციური არხების რეიტინგი არ სცილდება იმ პროცენტებს, რაც ზემოხსენებულ გამოკვლევებში ფიგურირებს. ამიტომ ეს ყველაფერი ერთად რომ  შევკრიბოთ, არა მგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები  ოპოზიიცის წარმომადგენლებმა დაჯაბნონ და იგივე შეიძლება სამეგრელოზეც ითქვას.

-გიგა ბოკერიას პერსონის მიმართ საზოგადოებაში კეთილგანწყობის ხარისხი და პერსონალური რეიტინგი მაღალი არ არის. როგორ ფიქრობთ, რით არის განპირობებული ბოკერიას სამაჟორიტარო ბრძოლაში ჩართვა და ვისზე შეიძლება ამყარებდეს იმედს იგი გადამწყვეტ არჩევნებში?

-ბოკერია და სხვები, ვინც მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ძალიან ბეჯითად იბრძოდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, მაჟორიტარობისთვის საბრძოლველად დაიძრა. ალბათ,  ეს ორიენტაცია განპირობებულია იმით, რომ მაჟორიტარობის მიღწევა უფრო მარტივია.  მაჟორიტარობა ერთმანდატიანია და თუ პიროვნებამ თავისი სახელიანობის, ან რეგიონში გავლენის გამო, წარმატება შეიძლება მოიპოვოს. პროპორციულ სისტემაში ასეთი შემთხვევითი ფაქტორების შედეგად, წარმატების მიღწევა ძნელია.

თუმცა, სამეგრელოში მათ რთული მდგომარეობა აქვთ. „ევროპულ საქართველო“ არა მარტო „ქართულ ოცნებასთან“ არის დაპირისპირებაში,  არამედ მათთან დაპირისპირებულია სააკაშვილიც. ასე რომ, ყოფილი პრეზიდენტის თავდადებული მომხრეები მათ ხმას არ მისცემენ. ამ ორი ძალის განზე რაც დარჩება, „ევროპულმა საქართველომ“ ის ხმები შეიძლება აიღოს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ხმები ბევრი იყოს.

-შესაძლოა თუ არა, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა პარტიებმა, მაგალითად ნინო ბურჯანაძის პარტიამ მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებს და სხვა კანდიდატები არ დაუყენონ (ნაციონალური მოძრაობის გარდა, რომელიც საკუთარი კანდიდატებს წარადგენს)? და თუკი  მხარს დაუჭერენ,  ეს რა გავლენა იქონიებს „ნაციონალურ მოძრაობაზე“  და როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები?

-„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციურ პარტიებში, ანუ ნათელაშვილის ეზოში თავმოყრილ პარტიებში, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. მხარდამჭერებით ყველაზე უფრო განებივრებულმა პარტიამ თქვა, მე ჩემ ხმებს „ევროპულ საქართველოს“ არ მივცემო.

ახლა წარმოიდგინეთ პარტიები, რომლებიც თუკი 1%-ს გადასცდებიან, მათთვის უკვე დიდი გამარჯვებაა, ე.წ. პატარა პარტიები, რომლის ერთ-ერთი მაგალითი თქვენ უკვე მოიყვანეთ. ამათმა რატომ უნდა გასწირონ თავიანთი ხმები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“  ხმებს არ იძლევა?! სრულიად გაუგებარი იქნება. 

მაშინ, რაღაც ადამიანური ემოციები უნდა ჩავთვალოთ, რომ დიდი სიყვარული აქვთ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიმართ. მეეჭვება, რომ  პარტიებს შორის, ასეთი ემოციები იყოს.

-და თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს დაასხამს თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“  წისქვილზე წყალს?

-სააკაშვილი და მისი გუნდი ბარიერს უდაოდ გალახავს, თუმცა, ისეთი გამარჯვებით, რომ ხელისუფლება დაკომპლექტონ,  ნამდვილად ვერ მოვლენ და ეს თავადაც იციან.

დანარჩენი, იქეთ-აქეთ 5%-ს  გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 5%-ის მიმატება გამოკლების გარდა, პატარა პარტიების მხაარდაჭერას, ალტრუიზმსა თუ ეგოიზმს, სხვა შედეგი არ ექნება.

ასე რომ, მდგომარეობის დიდი ცვლილება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და არც  მმართველი გუნდისთვის ამ პარტიების მოქმედებებს არ ექნება, სამაგიეროდ, თვითონ პარტიებისთვის შეიძლება შედეგიანი იყოს , ანუ შეიძლება ნულოვანი ბარიერი გადალახონ, პარლამენტში შეაღწიონ.  ეს იქნება უკვე მათთვის მიღწევა.