გიორგი ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილი ისანში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატურას არ დაუყენებს - გიგა ბოკერია
გიორგი ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილი ისანში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატურას არ დაუყენებს - გიგა ბოკერია

A+ A-

18:52 03/08/2020

მართალია, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ადვოკატი არაა, მაგრამ ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშაძეს ცუდი განცხადებით დაესხა თავს.

ამის შესახებ ბოკერიამ თავად განაცხადა ერთ-ერთ გადაცემაში.  

„სააკაშვილის განცხადება ცუდი განცხადებაა და არა იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძის ადვოკატი ვარ - ეს არის პუტინისტური რუსეთის და ივანიშვლის კლიმატი, რაც არანორმალურია“, - აცხადებს ბოკერია.

ამასთანავე, კითხვაზე დაპირისპირების ფონზე გიორგი ვაშაძეს "ნაციონალური მოძრაობა" ისანში დაუყენებს თუ არა კონკურენტ კანდიდატურას ბოკერია აცხადებს, რომ შეთანხმება არ დაირღვევა.

 „არ არსებობს შეთანხმების დარღვევა. ერთ ადგილას შეთანხმების დარღვევა ნიშნავს ყველგან შეთანხმების დარღვევას. არა მგონია, რომ ასეთი დარტყმა მიიყენონ თვითონ. ასეთ კონტრაქტს ვინც დაარღვევს, ამას ამომრჩეველი შეაფასებს. ამით საქმეც დაზარალდება და „ნაციონალური მოძრაობაც“.

ამიტომ მგონია, რომ ამას არ შეძლებენ და ვერ შეძლებენ. სააკაშვილის ეს განცხადება ცუდი განცხადებაა არა იმიტომ, რომ მე ვაშაძის ადვოკატი ვარ, ისიც ჩვენი კონკურენტია როგორც პარტია, მაგრამ თავისთავად, თამაშის ის წესები, რომ გუშინ ერთად ვიყავით, მაგრამ თუ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, მერე უცებ მოღალატე ხდები, ეს არის პუტინისტური რუსეთის კლიმატი და ბიძინა ივანიშვილის, ეს არანორმალურია.

ვაშაძე არის ჩვენი კონკურენტი არჩევნებზე, მაგრამ არის ყველა პარტიის შეთანხმებული კანდიდატი ისანში, ისევე როგორც მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას, შალვა ნათელაშვილსა და შეთანხმების ნებისმიერ მონაწილეს.

ეს არის „ევროპული საქართველოსთვის“ პრინციპული, ქვეყნისთვის ეს არის კარგი და მორჩა! ეს განცხადებები ჩემთვის მიუღებელია ზოგადად პოლიტიკური კლიმატის თვალსაზრისით და არა ვაშაძის დასაცავად, არ შეცვლის იმას, რომ საპროტესტო ელექტორატი მხარს დაუჭერს ისანში ისევე, როგორც ელენე ხოშტარიას დავუჭერთ მხარს ვაკეში, შალვა შავგულიძეს მთაწმინდაზე, მელიას გლდანში, შალვა ნათელაშვილს მთაწმინდაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე  ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ბნელ მხარეზე გადაათრია“.