ღმერთმა მაშოროს მახათაძესთან დაპირისპირება - ცემა-ტყეპის ამბავი ჭიათურის მერის კაბინეტიდან
ღმერთმა მაშოროს  მახათაძესთან დაპირისპირება - ცემა-ტყეპის ამბავი ჭიათურის მერის კაბინეტიდან

A+ A-

18:55 03/08/2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძე და ქალაქის მერი, გივი მოდებაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირება მერის კაბინეტში მოხდა. ეს ფოტო კი მაშინაა გადაღებული, როდესაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და ქალაქის მოქმედი მერი გივი მოდებაძე ძალაუფლებას სიამტკბილობით იყოფდნენ.

თუმცა, როგორც ჭიათურიდან „2020NEWS“-ს რამდენიმე სანდო წყარომ აცნობა, მახათაძე-მოდებაძეს შორის „სიამტკბილობა და დედა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ერთგული სამსახური“ გავლენების შენარჩუნება-გაფართოებისთვის დიდმა და ხელჩართულმა ომმა ჩაანაცვლა.

როგორც ჭიათურელები ამბობენ, მახათაძეს მოდებაძემ აჯობა. ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის პროტეჟე დეპტატი, დაახლოებით სამი კვირის წინ, ქალაქის თავს საკუთარ კაბინეტში მიადგა.

თვითმხილველებმა ნახეს და „2020NEWS“-ს აცნობეს, როგორ მივიდა აღელვებული დეპუტატი ქალაქის თავთან საქმის გასარჩევად. დახურულ კარს მიღმა საუბარი ჯერ ყვირილში გადაიზარდა, მოგვიანებით - ფიზიკურ დაპირისპირებაში. მხარეები ჭიათურის მერიის თანამშრომლებმა გააშველეს.

„რაზე ჩხუბობდნენ არ ვიცით, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი გაშველება გახდა საჭირო. როგორც ამბობენ, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გივი მოდებაძემ სულხან მახათაძის ხალხი თანამდებობებიდან გაათავისუფლა და დეპუტატი ამაზე გაბრაზდა, მაგრამ მარტო ეს არ არის მიზეზი. მოდებაძემ პარტიაშიც გაიმყარა პოზიციები. საარჩევნო შტაბი ახლა მოდებაძეს ჩააბარეს, ადრე მახათაძე ხელმძღვანელობდა. საარჩევნო შტაბიდანაც გამოუშვა მოდებაძემ მახათაძის ხალხი“, - განუცხადა „2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ეს ინფორმაციები „2020NEWS“-მა რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა და დადასტურდა. ბუნებრივია, ამბის გადასამოწმებლად სააგენტო როგორც სულხან მახათაძეს, ისე გივი მოდებაძეს დაუკავშირდა.

“ჩვენ არანაირი დაპირისპირება არ გვქონია. საიდან იგონებთ ან თქვენ ან ეს ხალხი ამდენ სიცრუესა და ზღაპრებს. ნუ დაღალეთ ხალხი ამ სიცრუის კითხვით და მოსმენით. გივის თავის პასუხისმგებლობა და საქმე აქვს, მე - ჩემი. ქალაქის სამსახურში ვართ ორივე. არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს ერთამენთთან, ჭორიკანები ათას სიცრუეს ამბობენ. ყველაფერზე შეიძლება ასეთი სიცრუის მოფიქრება?! არ მიკვირს, რა თქმა უნდა, ამაზე უარესებიც მომისმენია, მაგრამ აღარ დაიღალა ეს ხალხი ამ ჭორაობით?!“, - აცხადებს მახათაძე.

ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და სააგენტოს, მაჟორიტარის მსგავსად, სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ღმერთმა მაშოროს სულხან მახათაძესთან დაპირისპირება. რა დაპირისპირება უნდა მქონდეს მასთან?! იცოდეთ, რომ მეორედ აღარ დამირეკოთ, მე თქვენთან არ მაქვს არანაირი საქმე. ისეთ რაღაცებს წერთ, რაც არასდროს გადამხდენია თავს. ამიტომ აღარ დამირეკოთ. თუ რამე გინდათ, ისედაც წერთ, არ შეიძლება გადაუმოწმებელი ინფორმაციის დაწერა. ავრცელებთ დეზინფორმაციას და არ გაგცემთ არც ერთ კითხვაზე პასუხს.

ტყუილებს ავრცელებთ. როგორც თქვენ გინდათ, მაინც სულ ისე წერთ, ამიტომ დაწერეთ ეს ინფორმაციაც ისე, როგორც იცით“,- აცხადებს გივი მოდებაძე.

ამ ორი მაღალჩონოსნის განცხადებებს „2020NEWS“ უკომენტაროდ ტოვებს!

რაც შეეხება ფაქტებს: ცოტა ხნის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა მართლაც გაათავისუფლა რამდენიმე სოფლის რწმუნებული და მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული რამდენიმე პირი და ამის შესახებ ინფორმაცია თავადაც გაავრცელეს.

გარდა ამისა, დადასტურებული და ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში საარჩევმო შტაბის უფროსი გამოცვალა - ადრე სულხან მახსათაძე იყო, ახლა კი გივი მოდებაძეა.

ასევე, ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ საარჩევნო შტაბიდან სულხან მახათაძის ხალხი გაუშვეს. მაგალითად, რამდენიმე ზონის უფროსი.

მოდებაძე-მახათაძის, ანუ მერისა და მაჟორიტარის დაპირისპირება კი პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ არის. სწორედ ძალაუფლებისა და გავლენების დაკარგვის შიშით დაუპირისპირდა სულხან მახათაძე ჭიათურის მოქმედი მერის წინამორბედს - პაატა ნადირაძე.

დაპირისპირების ეს რაუნდი მახათაძემ მოიგო, რადგან ნადირაძე რესტორანში მომხდარ ჩხუბის ინციდენტს გადააყოლეს და იძულებული გახადეს, გადამდგარიყო.

პაატა ნადირაძე იმ სკანდალური ინციდენტის მოწყობაში სწორედ მახათაძეს ადანაშაულებს და ღიად საუბრობს იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც მას სულხან მახათაძესთან ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირების დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი მაშინ მერის პირველი მოადგილე იყო და ყველაფერი დეტალურად იცის.

მოდებაძემ, რომელსაც „ნაციონალური წარსული და დიდი პოლიტიკური ამბიცია აქვს, გავლენიანი მეგობრებისა და სუსის მხარდაჭერით, არჩევნების გზით, მერის სავარძელი მოიპოვა.

კიდევ ერთი ყოფილი მერი, ზურაბ კუპატაძეც დეპუტატ სულხან მახათაძესთან დაპირისპირებას შეეწირა და კიდევ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის მითითებებს არ დაემორჩილა. კუპატაძემაც, მოდებაძის მსგავსად, მახათაძის რამდენიმე კადრი არაკომპეტენტურობის გამო, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო რამდენიმე მისი ახლობელისა და ძმაკაცის დანიშვნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის, რასაც თავად კუპატაძეც ადასტურებს.

და კიდევ ერთი ფაქტი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რომ აღარ არის და რომ ეს ადგილი სწორედ გივი მოდებაძემ დაიკავა, ადასტურებს თავად სულხან მახათაძეც. „ვადასტურებ, რომ მე აღარ ვუხელმძღვანელებ საარჩევნო შტაბს, მაგრამ ვრცები ჩემი გუნდის გვერდით. ყველანაირად კარგი გეგმები მაქვს. რა ფორმით ვიქნები წარმოდგენილი, მალე გაიგებთ“,- აცხადებს მახათაძე და აზუსტებს, რომ იგი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იყოს.

ცნობისათვის, ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისს 30 მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა, რომელთა შორისაც სულხან მახათაძე ვერ მოხვდა. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი „კონსერვატორი“ და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ წევრი, საჩხერის რაიონის მოქმედი მაჟორიტარი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.