თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

A+ A-

12:44 04/08/2020

გარდაცვლილი 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შიმშილობის დაწყებას გეგმავს, თუკი საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას, ველოდები სამი დღის განმავლობაში. უკვე გაგზავნილია ოფიციალური წერილი, თუ არ მოხდება „ეფბიაის“ ჩართულობა, მე, დედა დავჯდები და გამოვაცხადებ შიმშილობას“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მისი შვილის საქმეზე სიმართლე არ გაირკვევა.

 „ეს მთავრობა უნდა ჩამოიშალოს, მკვდარია უკვე. ცოცხალი თავით, ვიდრე სიმართლეს არ გავარკვევ, აქციები გაგრძელდება. ამ მთავრობამ ასეთი შვილი მომიკლა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.