რუსეთს მაშინ საინფორმაციო ომი მოვუგეთ - რატიანი აგვისტოს ომზე
რუსეთს მაშინ საინფორმაციო ომი მოვუგეთ - რატიანი აგვისტოს ომზე

A+ A-

13:45 07/08/2020

2008 წლის აგვისტოში ქვეყანამ რუსეთის მხირდან ოკუპაციის თავიდან არიდება შეძლო და არ განმეორდა 1921 წლის მოვლენები. ამის შესახებ “2020NEWS“-თან “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით,  2008 წელს მთელი ქვეყნის ოკუპაცია ავიშორეთ თავიდან, რაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უნდოდა, რომ მოეხდინა.

“2008 წელს რუსეთის მხრიდან, ჩვენს ქვეყანაზე ღია აგრესია განხორციელდა. მაშინ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ოკუპაციის თავიდან არიდება. ღიად იყო გაცხადებული, რომ რუსეთს სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, პუტინს სწორედ ეს უნდოდა და მას ეს არაერთხელ უთქვამს.

იმ დროს, საქართველო სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო და მას დემოკრატიული სამყარო გვერდზე დაუდგა. 2008 წელს თავიდან ავირიდეთ ის, რაც 1921 წელს მოხდა.

ერთის მხრივ, დღევანდელი დღე არის ტკივილის გახსენების საფუძველი, რადგან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ არის მტერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს დაპყრობილი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი განვითარების პრესპექტივა არის შეუქცევადი პროცესი. ახლა კი, საქართველოს განვითარება ფერხდება, დასავლეთიდან უკან ვდგამთ ნაბიჯს და ვიწევთ რუსეთისკენ. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში , პრორუსული ვექტორი  გვაქვს. რუსული გავლენები საქართველოში უნდა მაქსიმალურად შევამციროთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, სააგენტოსთან საუბარისას აღნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსულ ნარატივს ატარებს.

კითხვაზე, რა არის რუსული ნარატივი, რატიანი გვპასუხობს, მოქმედი ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებას იმდროინდელ ხელისუფლებას რომ აბრალებს, სწორედ  ეს.

“ეს არის სწორედ რუსული ნარატივი. ბუნებრივია, მაშინ ჩვენ ეს საინფორმაციო ომი მოვიგეთ. სწორედ მაშინ მოხდა, რომ დასავლეთი გვერდით დაგვიდგა. შემდგომში და შემდგომში ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა. ის, ვინც იმეორებს ამ ნარატივს, ის არის პრორუსული ნარატივის დამცველი.

მე მინდა, ჩვენი საუბარი დავასრულო მით, რომ უნდა მოხდეს ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, შერიგება უნდა მოხდეს და უნდა მოხდეს მომავლის სწორება იმისათვის, რომ მოხდეს განვითარება“, -განაცხადა რატიანმა.

როგორც მასთან საუბრისას გაირკვა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საქართველოში არ იმყოფებოდა და ის ქვეყანაში მაშინ დაბრუნდა, როდესაც ომი მიმდინარეობდა.

“მე მაშინდელ ხელისფულებაში არ ვიყავი. 24 ივლისადან საქართველოდან ვიყავი გასული და მას შემდეგ დავბრუნდი, რაც ეს ამბები დაიწყო“, - განუცხადა სააგენტოს რატიანმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საოკუპაციო ძალები თითქმის ყოველდღიურად, ამ დრომდე  აგრძელებენ ბორდერიზაციის პროცესს. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 170 სამხედრო. ომში დაიჭრა  და დაშავდა 2 232 პირი, მათგან - 1 045 სამხედრო პირი.