შეწყდეს მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესი - ევროპარლამენტარების მოწოდება რუსეთს
შეწყდეს მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესი - ევროპარლამენტარების მოწოდება რუსეთს

A+ A-

17:45 07/08/2020

რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. ასევე შეწყდეს მიმდინარე „ბოდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში.

ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევი მალაისტერის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის თავჯდომარის, მარიანა კალიურანდისა და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. 

„დღეს, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 12 წელი გავიდა და მისი შედეგები ახლაც იგრძნობა. საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათას ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული ქმედებების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, –  აღნიშნულია მოცემულ განცხადებაში, 

მათი განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში შეძლო და მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა. 

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის საშუალებით ევროკავშირთან გაძლიერებულმა თანამშრომლობამ ქართველ ხალხს უშუალო, ხელშესახები სარგებელი და ახალი შესაძლებლობები მოუტანა“. - მოცემულია განცხადებაში,

ევროპარლამენტარების განცხადებითვე, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს არ შეუძლიათ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით სარგებლობა, რითაც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სარგებლობს, რადგანაც ორივე რეგიონი კვლავ რუსული ოკუპაციის ავბედით შეედეგებს იმკის.  ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის, ამ ყოველივეს კი მათი ინიციატივა- „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გვიჩვენებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით გადაჭრისკენ, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში. 

მათივე თქმით, ისინი რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და „ბორდერიზაციის“ პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინდის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება უნდა მიეცეთ. 

„შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მშობლიურ მიწაზე და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.