სოციალურ პაკეტებზე მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - ნათია თურნავა
სოციალურ პაკეტებზე მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - ნათია თურნავა

A+ A-

18:51 07/08/2020

2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ პაკეტებზე მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, წინ მძიმე ზამთარი გველოდება.

„ახლა მთლიანი მოცულობითი პაკეტი უკვე დაანონსებულია. ჩვენც ვფიქრობთ, რომ იმ პირველი გაჯანსაღების ნიშნებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი ეკონომიკა იჩენს, ალბათ, წლის ბოლომდე ეს იქნება ამ ეტაპზე საკმარისი, თუმცა ეს არ მოიცავს ბოლომდე ბიზნესის დახმარებას, ეს ცალკე პაკეტია, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ტურიზმისთვის კიდევ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ,

„აწარმოე საქართველოს“ პროგრამის მოდიფიცირება ხდება მუდმივად, მაგრამ რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, საკმაოდ მოცულობითია, მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი, პრაქტიკულად, წლევანდელი ბიუჯეტიდან უკვე წავა ამისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეტის საჭიროება წელს არ დადგება სოციალური მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ცოტა კიდევ შევამსუბუქოთ ეს შედეგები და არ დაგვჭირდეს დამატებითი თანხების მობილიზაცია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკა უფრო მეტად ამუშავდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.