ბაჩალიაშვილის საქმეში ხელისუფლებას თვითმკვლელობის ვერსია აწყობს და არა - ორგანიზებული დანაშაულის - კოჟორიძე
ბაჩალიაშვილის საქმეში ხელისუფლებას თვითმკვლელობის ვერსია აწყობს და არა  - ორგანიზებული დანაშაულის - კოჟორიძე

A+ A-

19:00 07/08/2020

რატომ აწყობს ხელისუფლებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმის, თვითმკველობის ვერსიით დახურვა?  სად არის დრონის კადრები, რომლებშიც საგამოძიებო უწყების მტკიცებით,  შემთხვევის ადგილიც იყო გადაღებული? ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ავტომანქანით უკან მიყვებოდა თამარს ბაჩალიაშვილს? ვინ მიიყვანა გარდაცვლილი გოგონა შემთხვევის ადგილზე - ევაკუატორით მოხდა მისი მანქანის გადაყვანა,  თუ თავად გარდაცვლილი გოგონა მივიდა თეთრიწყაროს ერთ-ერთ ტყეში, მიუვალ ადგილას - სუიციდისთვის? რაში დაჭირდა ამხელა გზის გავლა თუკი თვითმკვლელობას გეგმავდა? რას ნიშნავს ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შსს-მ 5 აგვისტოს გამოაქვეყნა?

კითხვები უამრავია, პასუხი - თითქმის არც ერთ მათგანზე არ არსებობს.

ასეთი გახმაურებული საქმეების დროს, როგორიც 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილისა და 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეებია, საგამოძიებო ორგანოები, თითქმის ყოველთვის პოლიტიკური ნიშნით მოქმედებენ და არა - ობიექტურით, მეტიც, ისინი დებენ ისეთ დასკვნას, რაც ხელისუფლებას აწყობს.

ამის შესახებ  „2020NEWS“-თან საუბრისას, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის გარდაცვალებების საქმე ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებები სწორედ ისეა ბურუსით მოცული, როგორც პროგრამისტი გოგონას შემთხვევაში. გამოძიება ორივე საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული დამნაშავეები ამ საქმეებს არ ჰყავს!

-როგორ შეაფასებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიისკენ მიდის?

კახა კოჟორიძე: საგამოძიებო ორგანოები თავიდანთვე თვითმკვლელობას მიუთითებდნენ. მათ უნდოდათ, რომ თვითმკვლელობის ვერსია განევითარებინათ და საგამოძიებო მოქმედებები ამ მუხლით წაეყვანათ. ძნელია, ჩემი მხრიდან ამის შეფასება, რადგან საქმის მასალებს სრულყოფილად არ ვიცნობ, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ეს ამბავი თვითმკვლელობას არ გავს. ლეპტოპის ექსპერტიზის დასკვნაც მიუთითებს დანაშაულის „გაპრავებასა“ და თვითმკვლელობის მუხლის გამყარების მცდელობას.

-ანუ ექსპერტიზის დასკვნა თქვენთვის სარწმუნო არაა?

-მათი ექსპერტიზის სიზუსტეზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ. საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ არსებობს! მსგავს გახმაურებულ საქმეებზე, ჩვენ არა ერთი დასკვნა გვინახავს, თუმცა შედეგებიც კარგად გვახსოვს ყველას...

ზოგადად მთავრობა ინტერესდება ისეთი საქმეებით, რომლებითაც საზოგადოებაა დაინტერესებული, ამიტომაც შესაძლოა ხელისუფლებამ ისე წაიყვანოს საქმე, როგორც თავად აწყობს. ამ კონკრეტულ საქმეში კი სწორედ თვითმკვლელობის ვერსია აწყობს ხელისუფლებას და არა  - ორგანიზებული დანაშაული, ანდაც მისი გახსნა.

-თქვენ როგორც იურისტს, რა კითხვები გიჩნდებათ გამოძიებასთან?

-როგორც იურისტს და როგორც საზოგადოების ერთ-ერთ წევრს,  ქართულ გამოძიებასთან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. მაგალითად, როდესაც ადამიანები გადიოდნენ იმ კონკრეტულ ადგილს, სადაც  გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, რატომ არავინ შეამჩნია, თუკი ის იქ იყო? რატომ არ უშვებენ იმ ფაქტს, რომ თამარის მანქანა ევაკუატორმა მიიყვანა ადგილზე?  სად არის დრონის კადრები? გადაიღო თუ არა დრონმა ის კონკრეტული ადგილი, სადაც მანქანა იპოვეს? რატომ არ გამოცხადდა ბაჩალიაშვილზე ფართომასშტაბიანი ძებნა? ვინ იყო ის, ვინც თამარს ავტომობილით უკან მიყვებოდა? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან საინტერესო და საჭირო იქნება გამოძიებისთვის. 

-თუ კი თამარი  მედიკამენტების დიდი ოდენობით მიღების გამო გარდაიცვალა, რატომ ვერ იპოვა გამოძიებამ შემთხვევის ადგილზე მაგალითად -  წყლის ბოთლი ან რაიმე სხვა ნივთი, რისი მეშვეობითაც გარდაცვლილი შეძლებდა  მედიკამენტების მიღებას?

-ძალიან საინტერესო და საყურადღებო კითხვაა... მართალი ხართ, გარდაცვლილი გოგონა ვერ შეძლებდა წყლის გარეშე დაელია ამდენი  მედიკამენტი. ჩემთვის ყოველივე ეს, ძალიან საეჭვო გარემოებაა, ამიტომაც გამოძიება უნდა ჩაუღრმავდეს ამ საკითხს.

-თქვენი აზრით, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართულობის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა საქმე თავდაყირა დადგეს?

-რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა ჩემი აზრით, როდესაც მომხდარიდან დიდი დრო გადის, რთულდება საქმის გამოძიება, ამიტომაც ფედერალური ბიურო რაც მალე ჩაერთვება საქმეში, სიმართლეს მით უფრო მალე დავადგენთ.

ხატია მამულია