ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ
ლიბანის დასახმარებლად, მსოფლიო ლიდერები ონლაინკონფერენციას გამართავენ

A+ A-

15:10 09/08/2020

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბეირუთში მომხდარი აფეთქებით დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად, დღეს ონლაინკონფერენციას გამართავენ, - ამის შესახებ BBC წერს.

ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. ქვეყნების პირველი პირები იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ როგორ გაუწიონ ერთობლივი დახმარება დაზარალებულ ქვეყანას.

კონფერენციაზე დასასწრებად, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ჩინეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუსეთისა და სხვა არაერთი ქვეყნის ლიდერია მიწვეული.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ გეგმავს, კონფერენციას შეუერთდეს.

კონფერენცია, ლიბანის დროით, 14:00 საათზე დაიწყება.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 158 ადამიანი. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები ხუთი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა.

6 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ვიზიტით ეწვია და დემონსტრანტებს ამ სიტყვებით მიმართა: „მე აქ ვარ და ჩემი ვალდებულებაა დაგეხმაროთ მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფაში. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს დახმარება კორუმპირებულ ხელებში არ აღმოჩნდება“.

წყარო: იმედი