"გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზით სიმაღლიდან ვარდნის და ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა გამოირიცხა"
"გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზით სიმაღლიდან ვარდნის და ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა გამოირიცხა"

A+ A-

18:48 11/08/2020
მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზით სიმაღლიდან ვარდნის და ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა გამოირიცხა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
 
მისივე თქმით, დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს აღენიშნებოდა, მიყენებულია ცემის რეჟიმში.
 
"ჩვენ გამოვრიცხეთ სიმაღლიდან ვარდნის შესაძლებლობა, გამოვრიცხეთ დაზიანების მიღების შესაძლებლობა ბილიკზე დაგორებით და ძირითადში აქცენტები და პასუხები გაცემულია იმ მიმართებით, რომ შაქარაშვილს ჰქონდა მიღებული დაზიანებები მაღალი ალბათობით ხელკეტით, მუშტით, ქვით და ასე შემდეგ. რეალურად, აღნიშნულმა საექსპერტო დასკვნამ ბუნებრივია ხელი შეუწყო გამოძიებას", - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
 
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
 
გასაჯაროვდა ექსპერტიზის ახალი დასკვნაც. გამოძიებამ დააზუსტა 8 გარემოება და მათ შორის კითხვა იყო დასმული, შესაძლებელია თუ არა დაზიანებები შაქარაშვილს მიეღო იმ დროს, როდესაც ის თავის დაღწევას ცდილობდა და სწორ ზედაპირზე მირბოდა. ასევე შესაძლებელი იყო თუ არა დაზიანებები სხეულზე გაჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ ბილიკზე ჩასვლამდე გზის მიმდებარედ წაიქცა - ასეთ შესაძლებლობას ექსპერტები გამორიცხავენ.
 
ასევე ირკვევა რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის არაერთჯერადი ზემოქმედებით. ასევე ექსპერტიზა ამბობს რომ დაზიანებები შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით, ისეთი როგორიცაა ხელკეტი, ხელი, ფეხი ქვა.