ოპოზიციის მიდგომა, "ჯერ ბიძინა ივანიშვილი მოვიშოროთ და მერე დავლაგდეთო", განწირულია მარცხისთვის - ზურაბიშვილი
ოპოზიციის მიდგომა, "ჯერ ბიძინა ივანიშვილი მოვიშოროთ და მერე დავლაგდეთო", განწირულია მარცხისთვის - ზურაბიშვილი

A+ A-

12:40 28/08/2020

ოპოზიციის მიდგომა, რომ "ჯერ ბიძინა ივანიშვილი მოვიშოროთ და მერე დავლაგდეთო" ხელისუფლების წინააღმდეგ არ მუშაობს და განწირულია მარცხისთვის. ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოპოზიციის დაპირისპირებას არაფერი ეშველება , თუკი მმართველი გუნდი რაიმე "სისულელეს" არ ჩაიდენს. "მოკრძალებული აზრით ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური კრიტიკა არაეფექტურია. ეს ხელისუფლება რომ არაკომპეტენტური და კორუმპირებულია, ამას თავად მისი მომხრეებიც კი არ უარყოფენ, მაგრამ (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია) ამ საზოგადოების უმრავლესობისთვის იგი არ არის იმდენად აუტანელი, რომ მისი მოშორება იყოს თვითმიზნურად პრიორიტეტული. რატომ არ არის, ცალკე საკითხია და აქ ამაზე არ შევჩერდები, მაგრამ რომ არ არის ფაქტია.

აუტანელი და გაუსაძლისი ეს ხელისუფლება არის ძირითადად ნაცმოძრაობის მომხრეებისთვის, რომელთა რიცხვი მცირე არაა, მაგრამ არც იმდენად ბევრია, რომ მის ხარჯზე ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი იყოს. ამიტომაც "ჯერ ბიძინა მოვიშოროთ და მერე დავლაგდებით" ტიპის მიდგომა, რასაც ეფუძნებოდა ბოლო ორი წელია ოპოზიციური თანამშრომლობის და კოორდინაციის პრაქტიკულად ყველა ფორმატი, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არ მუშაობს და განწირულია მარცხისთვის. ახლა არა მგონია ამ ამბავს რამე ეშველოს, თუ ხელისუფლებამ რაღაც არნახული სისულელე არ ჩაიდინა თვითდაზიანების ამბავში (რაც არაა გამორიცხული, მათი ინტელექტუალური გაქანებიდან გამომდინარე), მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად გასათვალისწინებელია", - წერს ზურაბიშვილი.