გაჩერება N4- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
გაჩერება N4- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური  თეატრი

A+ A-

14:13 01/09/2020

გაჩერება , რომელსაც ავტობუსის გამყოლი მოკლედ აცხადებს „ოპერა“,  გია ჭანტურიასა( ბარიატინსკის, ჯორჯიაშვილის) და რევაზ ლაღიძის ქუჩებს შორის  არის მოქცეული. ლაღიძის ქუჩაც გარეთუბანს განეკუთვნება და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დააპროექტა მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ. 1876 წლის ქალაქის გეგმაზე დატანილია როგორც დიდი წყალსაზიდი ქუჩა. სწორედ ამ ქუჩით ეშვებოდნენ მეთულუხჩეები მტკვრის სანაპიროზე  და წყლით ამარაგებდნენ გარეთუბანს. „სახაზინო“თეატრის“ გახსნამ ქუჩას სახელი  ცოტა ხნით შეუცვალა, 1905 წელს „თეატრალური“ ევანგულოვმა ჩაანაცვლა, ქალაქის თავის საპატივცემულოდ, 1923-1990 წლებში ლუნაჩარსკის სახელს ატარებდა, 1990 წლიდან  კი რევაზ ლაღიძის სახელობისაა.

მართალია, ჭანტურიას ქუჩიდან ლაღიძის ქუჩამდე მანძილს ფეხით 5 წუთში   დაფარავთ, მაგრამ იმ ისტორიების მოყოლას, რაც აქ განლაგებულ შენობებს უკავშირდება  5 დღეც არ ეყოფა ალბათ.

ჭანტურიას ქუჩასა და რუსთაველის პროსპექტის კუთხეში მდებარე სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ შენობა იმთავითვე სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული.მისი მშენებლობა 1910 წელს დაიწყო ალექსანდრე ოზეროვის პროექტით, თუმცა არქიტექტორული ჩანაფიქრის შეცლის გამო  უკვე აშენებული  ოთხსართულიანი ფლიგელი და  პირველი სართული დაანგრიეს და  ახალი მშენებლობა არქიტექტორ  გაბრიელ ტერ-მიქელოვის პროექტით  გაგრძელდა. პირველი მსოფლიო ომის  გამო მისი  ინვენტარით აღჭურვა და საზეიმო გახსნა ვერ მოხერხდა და შენობა დროებით სამხედრო ჰოსპიტალს გადაეცა.   ცოტა ხნით, მაგრამ  სასტუმრო „მაჟესტიკმა“ მაინც მიიღო სტუმრები  პირველი რესპუბლიკის პერიოდში.  შენობის სარდაფი  სამზარეულოდ და სათავსოებად იყო განსაზღვრული, მაგრამ მფლობელის, არამიანცის გადაწყვეტილებით სარდაფი კინოთეატრად გადაკეთდა და 1930 წლამდე  „მინაონი“, ხოლო შემდეგ  „თბილისი“ მასპინძლობდა კინოს მოყვარულებს. გასაბჭოების შემდეგ გაძარცვულ შენობაში „ შრომის სასახლე“ გახსნეს, 1935 წელს კი პირველადი ფუნქციის დაბრუნების მიზნით კვლავ ტერ-მიქაელოვი მოიწვიეს. სასტუმრო „თბილისი“ 1991 წ წლის მოვლენებს ემსხვერპლა, საბედნიეროდ დანგრევას გადაურჩა, შენარჩუნდა გარე ფასადიც და  უკვე „თბილისი მერიოტის“ სახელით მასპინძლობს სტუმრებს.  გაცილებით  ადრე ,1884 წელს,  რუსთაველის (გოლოვინის) პროსპექტისა და ვასო აბაშიძის ( თეატრალური შესახვევის) კუთხეში მდგარ შენობაში გაიხსნა სასტუმრო „როსსია“, 1910 წლიდან „ ევროპეისკაია“ ამ ორ სასტუმროს შორის  არის მოქცეული  რუსთაველის აკადემიური თეატრი და თეატრალური ინსტიტუტი.  კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით  1899-1901 წლებში „არტისტული  საზოგადოებისათვის“  ეკლექტური ბაროკოს სტილში აგებული  შენობას  ერთგვარ მისტიკურ ელფერს აძლევს თეატრის სარდაფი, სადაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ფუნქციონირებდა კაფე“ ქიმერიონი“ ; ტიციან ტაბიძე  1922 წლის გაზეთ ბარიკადში წერს : „ საკმაო იყო თქმა, რომ ყოფილი კაფე „ანონი“ ყოფილიყო გადმოცემული მწერალთა კავშირისათვის, რომ ეს კიდეც ასრულდა...

მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი კაფეს მოწყობისათვის გრანდიოზულ ფორმებში. სამი თვის შემდეგ, როცა ბინა გადაცემული ჰქონდა მწერალთა კავშირს, და მისი თავჯდომარე კოტე მაყაშვილი ელოდა ვინმეს, ვინც ამ კაფეს მოაწყობდა,  ნიკო თავდგირიძემ მოიყვანა ილია მაჩაბელი. საქართველოში ვერავინ დაიჩემებს მეტ თეატრალობას ვიდრე ივანე მაჩაბელი. ბევრს მოიგებდა თფილისის ოპერა და დრამა , რომ ივანე მაჩაბელი ყოფილიყო ანტრეპენიორი.

მას აქვს თავადის გამბედაობა და არტისტებისათვის საჭირო დიქტატორის ხელი. აქ პირდაპირ იწყება ისტორია „ქიმერიონის“.

მწერალთა კავშირის საბჭომ ათი სხდომა მოანდომა , რომ კაფესათვის დაერქვა სახელი, აუარებელი წინადადება იყო ყველა პოეტების, მაგრამ შერიგება მაინც არ მოხდა. უკანასკნელი კრება მოხდა „ნაკადულის რედაქციაში, მწერალთა კავშირს მაშინ არ ჰქონდა თავისი ბინა. „ცისფერი ყანწების“ პოეტები გაჩერდნენ „ქიმერაზე“. იყო წინადადება „ქიმერეთის“-პაოლო იაშვილი. „ქიმერია“- ტიციან ტაბიძე;

გაიმარჯვა გრიგოლ რობაქიძის  წინადადებამ „ქიმერიონი“- სიტყვა აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან. ...

ს.სუდეიკინი, ლ.გუდიაშვილი და დ.კაკაბაძე შეუდგნენ „ქიმერიონის“ დახატვას... „ქიმერიონის“ დარბაზში აიმართა ორი კიბე, ერთი სუდეიკინასათვის და მეორე გუდიაშვილისათვის. გუდიაშვილის მეორე კედელი შედევრია ქართული ხელოვნების, ეს სუდეიკინმაც იწამა. პირველი კედელი დაიწყო სუდეიკინმა ...“

და ბოლოს , ოპერისა და ბალეტის  თეატრის შენობა, რომელიც „სახაზინო თატრისათვის“ დააპროექტა  არქიტექტორმა ვ.შრეტერმა  და 1896 წელს გაიხსნა. მშენებლობა 16 წლის მანძილზე მიმდინარეობდა .  მშენებლობას მეთვალყურეობდნენ  ზალცმანი,შემდეგ სიმონიანი და ბოლოს შიმკევი,სცენის მოწყობა  დაევალა საიმპერატორო თეატრის დეკორატორს, ვალცს . პირველი რესპუბლიკის  პერიოდში თეატრს სახელმწიფო ოპერის სტატუსი მიენიჭა.   1937 წლიდან  ოპერისა და ბალეტის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს.სამწუხაროდ, ხანძარს ვერც შენობა გადაურჩა  და ვერც  ქობულაძის მიერ შექმნილი უნიკალური ფარდა. შენობის  რემონტი 6 წელი მიმდინარეობდა და 2016 წელს გაიხსნა არქიტექტორების მეძმარიაშვილისა და ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით აღდგენილი  ოპერისა და ბალეტის თეატრი.

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში სასტუმრო „ორიენტში“ (ინტურისტი, მხატვრის სახლი) მცხოვრები ფრანგი მოგზაური ემილ-ლევიე თბილისზე და გოლოვინის პროსპექტზე აღტაცებული წერდა „ მაღლიდან ქალაქი საღამოს ჟამს მშვენიერი სანახავია, ასე მგონია ეიფელის კოშკიდან გადავცქერი გაჩირაღდნებულ პარიჟსა-მეთქი...ჩვენი სასტუმროს წინ ერთი ქუჩაა, პარიჟის ბულვარივით ფართო ,ხეებით და ევროპული მაღაზიებით შემკობილი. ტროტუარი უფრო ფართოა, ვიდრე აჭარის შარაგზა...“ 

მოამზადა ნინო გედენიძემ