თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თბილისის  ერთ-ერთ ბარში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

A+ A-

10:20 03/09/2020

თბილისის  ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

 უწყების ცნობით,  ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი - 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით,  ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის - ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

ფაქტის შესახებ  სოციალურ ქსელში  მომხმარებელმა ივიკო ფრუიძე  დაწერა. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მან  რამდენიმე დღის წინ მომხდარი  ისტორია აღწერა, თუ როგორ გამოძალეს ბარის თანამშრომლებმა არარეალური თანხა, გაპროტესტების შემდეგ კი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.  როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ,  მსგავსი თაღლითობის ფაქტები ბარებში ხშირია.