დედაქალაქის მოურავი
დედაქალაქის მოურავი

A+ A-

10:41 07/09/2020

1919 წლის თებერვლიდან  თბილისის ქალაქის თავს ეწოდა ქალაქის მოურავი; 1919 წლის 17 თებერვალს ახლად არჩეული საქალაქო საბჭოს სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს  ბენია ჩხიკვიშვილი.

ბენიამინ  ( ბენია) ჩხიკვიშვილის ცხოვრება- მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ალბომი კი   ავტორმა ირაკლი მახარაძემ  2020 წლის  1 სექტემბერს   ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარუდგინა საზოგადოებას.

ალბომი მდიდარია დოკუმენტური მასალით, ფოტოებით , აქამდე უცნობი საინტერესო  ინფორმაციით.     ქალაქის მოურავობის მოკლე  პერიოდის მიუხედავად  ბენია ჩხიკვიშვილმა შესძლო  ყველა სფეროში დაეტოვებინა სასიკეთო კვალი.

„როგორც აღნიშნავენ , მის დროს დედაქალაქი „ საგრძნობლად გაეროვნულდა და წინ წავიდა“. როგორც ქალაქის თავი, ბენია დიდი მონდომებით  იბრძოდა სპეკულაციის  წინააღმდეგ, ყურადღებას უთმობდა  ქალაქის  სანიტარულ-ჰიგიენურ დასუფთავებას, ატარებდა ინფექციური დაავადებებისა და ქოლერის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

ბენია ჩხიკვიშვილის თაოსნობით მოეწყო  ღარიბებისათვის  უფასო აბანო,    სახადიანი ავადმყოფებისათვის  გამოიყო   120 საწოლი პირველი საავადმყოფოს შენობაში და  მანვე აკრძალა  თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა.   ყოველდღიურ საჭირ-ბოროტო საკითხებთან ერთად ქალაქის მოურავი ხელოვნებისთვისაც პოულობდა დროს.  ტიციან ტაბიძე წერს:

„მაშინ ქართველი არტისტებისთვისაც არ იყო თეატრი. თუ შემდეგ ეს თეატრი აშენდა, ამის ერთადერთი მიზეზი  იყო  მაშინდელი ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი. უნდა  ითქვას პირდაპირ, რომ ქართულ ხელოვნებისათვის , არავის  ამდენი არ გაუკეთებია იმ დროს, როგორც ბ.ჩხიკვიშვილს. ამ ადამიანში იყო  ბედნიერი გამონაკლისი, მას სძულდა მეშჩანობა, რომელიც  მაშინ  ძვალში  ქონდა   გამდგარი მმართველ პარტიას. ნამდვილი ფირალის  გამბედაობით და თვითნებობით გააკეთებდა რასაც მოისურვებდა. მას უყვარდა ქართული ხელოვნება... იქნება დიდი უმადურობა ამის არ თქმა.  ბ.ჩხიკვილი იყო ერთად ერთი შეგნებული მეცენატი ქართველ ხელოვანთა. ყოველ იუბილეზე  ის გამოჩნდება დონ-კიხოტის ფიგურით და ყველაზე დიდი საჩუქარი და აღტაცებული სიტყვა მისი იყო“. 

ალბომში    გაეცნობით  იმ პერიოდის (და არა მხოლოდ ) საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პიროვნებების  მიერ  ბენია  ჩხიკვიშვილის   ქმედებების შეფასებას.   არც უცხოელ სტუმრებს  დაუტოვებიათ უყურადღებოდ .

აი, რას წერს   ემილ ვანდერველდე, ბელგიის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი, ბელგიის სამეფოს იუსტიციის  და სახელმწიფო  მინისტრი , რომელმაც 1920 წელს  საქართველოში  იმოგზაურა-

„ნათქვამია, რომ ხალხს, რელიგია, ენა და რასა აყალიბებს, . საქართველოს ეკლესიას რუსეთის წმინდა სინოდის  წინაშე არასოდეს დაუხევია. ხალხურმა  ენამ რუსიფიკაციის მცდელობისათვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. ასი მცხოვრებიდან  სამი მეოთხედი წარმოშობით ქართველია და როცა მსურს , მათი სინატიფე, დახვეწილი გარეგნობა, ამაყი, ვაჟკაცური მშვენიერება გავიხსენო , ვუყურებ სურათს , რომელიც თბილისის  თავმა ( ჩხიკვიშვილმა -ი.მ) მომცა, სადაც იგი ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, კავკასიის  სასაზღვრო  სვეტის გვერდით დგას“.

მომზადა ნინო გედენიძემ