რა უნდათ სპორტსმენებს პოლიტიკაში? - მძიმე კითხვები "ნაცმოძრაობის" ბლოკის ოლიმპიურ ჩემპიონთან, მანუჩარ კვირკველიასთან
რა უნდათ სპორტსმენებს პოლიტიკაში? - მძიმე კითხვები "ნაცმოძრაობის"  ბლოკის ოლიმპიურ ჩემპიონთან, მანუჩარ კვირკველიასთან

A+ A-

12:28 16/09/2020

ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია 2020 წლის არჩევნებსა და საერთოდ პოლიტიკაში  “ჩემპიონობის“ მოპოვებას  პარტიით -  “პროგრესი და თავისუფლებით“ აპირებს.  „აგრესიულობით უნდა გამოვირჩეოდე, რომ პოლიტიკაში მოვიდე?“ - კითხულობს 41 წლის სპორტსმენი  “2020NEWS“-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში და აცხადებს,  რომ ქვეყნის განვითარებაზე სწორი ხედვები აქვს, რის გამოც პოლიტიკაში წასვლას დათანხმდა.

მისი თქმით, სწორი შეხედულება არ არის, რომ სპორტსმენები პარლამენტში არ უნდა იყვნენ. პირიქით, კვირკველია თვლის, რომ პარლამენტიდან უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება.

-მანუჩარ, რატომ გადაწყვიტეთ სპორტიდან პოლიტიკაში გადაგენაცვლათ?

მანუჩარ კვირკველია:  რატომ გადავწყვიტე და ჩემი მეგობრების თხოვნით, მათი აზრი ჩემსას ემთხვეოდა. ეს ამბავი ჭორის დონეზე როდესაც გაიგეს ჩემმა ახლობლებმა, ჩემთან ძალიან ბევრი ზარი  შემოვიდა და მათთან სერიოზული საუბრები მქონდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

აგრესიულობით უნდა გამოვირჩეოდე, რომ პოლიტიკაში მოვიდე? ჩემი ხედვა მაქვს, რის გამოც, გადავწყვიტე პოლიტიკოსობა.

-კონკრეტულად რა საუბრები გქონდათ?

-რა საუბრები იყო და თითქოს, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ მე უკვე პოლიტიკაში ვიყავი, ამასობაში ჯერ არ ვიყავი. შემდეგ მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მეუბნებოდენ, მოდი, გვერდში დაგვიდექიო. შინაურული საუბრები იყო.

-ოპოზიციიდან რატომ გადაწყვიტეთ რომ გეყარათ კენჭი?

-ჩემი პარტია არის “პროგრესი და თავისუფლება“, რომელიც ბლოკში “ძალა ერთობაშია“გაერთიანებულია. რაც შეეხება,  რატომ ოპოზიციიდან, ჩემი მეგობრები სადაც იყვნენ, მეც იქ ვარ. ამაში ცუდი რა არის? თუ ხალხს არ ენდომება, მხარს არ დამიჭერენ, თუ უნდათ, დამიჭერენ. ოპოზიცია და პოზიცია რა არის, ორივე ხომ ჩვენი ქვეყნისაა.

-სპორტსმენების პოლიტიკაში მოსვლას თავად ოპოზიციის წარმოამდგენლები აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ სპორტსმენებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებიდან უარყოფითი გამოხმაურება დაღს ხომ არ დაასვამს თქვენს სპორტულ კარიერას?

-მოდით, ასე ვთქვათ, სწორი შეხედულება არ არის, რომ სპორტსმენები პარლამენტში არ უნდა იყვნენ,  ასე არ შეიძლება. პარლამენტი რა არის?! ხალხის აზრი პარლამენტში უნდა მივიდეს და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა სჭირდება სპორტს, ხელოვან ხალხს, ბიზნესმენს, საგარეო პოლიტიკას, შიდა ეკონომიკას და ა.შ.

პარლამენტში ყველა სფეროს ადამიანი უნდა იყოს და ამ თემებზე უნდა მსჯელობდნენ. პარლამენტში სწორი აზრის მიტანა უნდა შევძლოთ, რათა შემდეგ სახელმწიფოს გაუადვილდეს მუშაობა. სახელმწიფოს სწორი მუშაობით კი, მოსახლეობა კმაყოფილი უნდა დარჩეს.

სწორად არ მიამჩნია, რომ სპორტსმენი პარლამენტში არ უნდა იყოს. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ  პარლამენტში არ უნდა მოხვდეს ისეთი სპორტსმენი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობები. თუ არ შევიდა და არ მოსინჯა ძალები,  ვერ გავიგებთ შეუძლია თუ არა.

-თუმცა, ის მოსაზრებაც არის, რომ წინა მოწვევის პარლამენტში სპორტსმენებმა არაფერი გააკეთეს და მარტო სახეებად იყვნენ წარმოდგენილნი...

-ჩემი აზრით, პარლამენტში შესული არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ბევრს ყვირია და თითქოს,  უფრო ბევრს აკეთებენ. ამას არ ვეთანხმები.

პარლამენტში ყვირილი და გამოჩენა საჭირო არ არის. პარლამენტში არის კომიტეტები, სადაც შენი საკითხები უნდა შეიტანო და ადამიანებს აუხსნა, თუ რატომ იქნება ესა თუ ის საკითხი ქვეყნისთვის სასარგებლო. კი ბატონო, იყვნენ ისეთებიც, რომელბმაც მოსახლეობას იმედები გაუცრუეს. ბევრი  სპორტსმენი პარლამენტში მარტო ჩხუბისთვის იყო შესული. ვიღაცას შეუძლია მუშტი-რივზე  იყუროს,  ვიღაცას კი გონება უჭრის.  

-იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებთ და მოხვდებით პარლამენტში, თქვენ რას გააკეთებთ?

-საზოგადოებაშ,ი რაც ყველაზე მეტი პრობლემა იქნება, ის უნდა მივიტანო მაღალ ტრიბუნამდე. ძალიან ბევრი პრობლემებია, რომელიც მოსაგვარებელია. წინასწარ ტყუილი საუბარი რომ არ გამომივიდეს, ამ ეტაპზე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რაც ყველაზე პრობლემატური საკითხი იქნება, იმას შევიტან პარლამენტში და ვეცდები, ხალხს დავეხმარო.

-რატომ გადაწყვიტეთ გურიაში გეყარათ კენჭი?

-გურიაში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ამ კუთხიდან ბევრი გამოხმაურება მქონდა, რამაც მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. ადამიანებმა მთხოვეს, რომ მოდი და გვიშველეო.

-ოლიმპიური ჩემპიონი ხართ და როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში გამარჯვების რა შანსი გაქვთ?

-ისეთი  მწვავე კითხვები დამისვით, თქვენი აზრით, რა შანსები მაქვს?! ხალხისთვის რამდენად მისაღები ვიქნები, ამას გავიგებთ, როდესაც შედეგები გახდება ცნობილი. ძალიან ბევრი აზრი არსებობს და როგორც ვიცი, ბევრისთვის მისაღები კანდიდატი ვარ. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ.