მოხდება რევოლუცია, "ქართული ოცნება" წავა სახლში - კახა ოქრიაშვილი
მოხდება რევოლუცია, "ქართული ოცნება" წავა სახლში - კახა ოქრიაშვილი

A+ A-

17:16 16/09/2020

„ქართული ოცნება“ თუ  არჩევნების გაყალბებას გაბედავს, საქართველოში რევოლუცია მოხდება. ამის შესახებ „2020NEWS”-თან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, წინასაარჩევნოდ უკვე შექმნილია „გაყალბების სიტუაცია“ და „ქართული ოცნება“ აქედანვე ცდილობს არჩევნების არასამართლიანი გზით ჩატარებას, თუმცა, ოპოზიცია და საზოგადოება ამის უფლებას არ მიცემენ და მოხდება რევოლუცია.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე შექმნა გაყალბების წინასაარჩევნო სიტუაცია და ვურჩევ, რომ გონს მოეგონ, რადგან საზოგადოება და ოპოზიცია მათ არ აპატიებთ არჩევნების გაყალბებას და მოხდება რევოლუცია!“, - ამბობს ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილის თქმითვე, ის ვერ თანხმდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაჟორიტარულ სისტემაზე, თუმცა ისინი მაინც ერთად აგრძელებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ ვთანხმდებით მაჟორიტარულ სისტემაზე, რადგან ისინი წინააღმდეგნი არიან ამ სისტემის და სურთ პროპორციული სისტემის ჩამოყალიბება, ჩვენი წინასაარჩევნო სტრატეგია თანხვედრაში არ არის, თუმცა ჩვენ ვართ დემოკრატი ადამიანები, რომლებიც ამ ყოველივეს მიუხედავად, ვაგრძელებთ ერთად ბრძოლას, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა უნდა აღდგეს და ორპალატიანი პარლამენტი უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც ზედა პალატა იქნება მაჟორიტარული, ხოლო ქვედა - პროპორციული.

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა აღდგეს და იყოს ორპალატიანი პარლამენტი, ზედა პალატა - მაჟორიტარული, ხოლო ქვედა პალატა - პროპორციული, ოღონდ ღია პროპორციული , ანუ პერსონალურ-პროპორციული, როდესაც ადამიანსაც აძლევ პარტიასთან ერთად ხმას.

დღეს რომ იძახიან ევროპაში პროპორციულიაო, იქ ღია პროპორციულია და არა ისეთი, როგორსაც ჩვენს ქვეყანაში ითხოვენ“, - ამბობს ოქრიაშვილი.

მისივე თქმით,  „NDI”-სა  და “Edison Research“-ის კვლევებმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და „ქართული ოცნება“ ერთნაირ პროცენტებს აიღებენ არჩევნებზე.

“NDI”-სა და “Edison Research”- ის კვლევებმა გვანახა, რომ  გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“ და „ქართული ოცნება“, დაახლოებით, ერთნაირ, თანაბარ პროპორციულ პროცენტებს აიღებენ,  დანარჩენ ხმებს კი სხვა ოპოზიციური ძალები გაინაწილებენ“, -განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია 60%-ზე მეტს აიღებს არჩევნებში და ისინი ჩამოყალიბდებიან პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატურაზე, ამის შემდეგ კი კოალიცია „ქართული ოცნება“ წააგებს არჩევნებს.

„ვფიქრობ, რომ ოპოზიცია 60%-ზე მეტ აიღებს,  რის შემდეგაც შევთანხმდებით და ჩამოვყალიბდებით პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე, შემდგომ კი შეიქმნება კოალიცია, „ქართული ოცნება“ კი წავა სახლში“, - ამბობს ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილი ემხრობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრობას და თვლის, რომ ყველა პარტია უნდა აყენებდეს საკუთარ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, როგორც ევროპის ქვეყნებში ხდება.

„ბატონმა მიხეილმა განაცხადა, რომ 2 წლით სურს პრემიერ-მინისტრობა, მე ვემხრობი მის პრემიერობას, მაგრამ არც იმას გამოვრციხავ, რომ გამარჯვების შემდეგ, მან პოზიცია შეცვალოს.

ყველა ევროპის ქვეყანაში ესე ხდება. ისინი აყენებენ თავიანთი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, მაგრამ როდესაც იმარჯვებენ და იქმნება მმართველი კოალიცია მაშინ ნაწილდება პორტფელები“. - განაცხადა ოქრიაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“,  4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად, საარჩევნო ბლოკი „ძალა ერთობაშია“ შექმნა. ბლოკს „ქართულ ოცნებამდე“  „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრების - კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა.

ხატია მამულია