რა არის ხელისუფლების პრიორიტეტი: იღლიაში ამოდებული კანდიდატი, თუ დამოუკიდებელი? - ლაგაზიძის "წაუგებელი" ბრძოლა საზმაუს დირექტორობისთვის
რა არის ხელისუფლების პრიორიტეტი: იღლიაში ამოდებული კანდიდატი, თუ დამოუკიდებელი? - ლაგაზიძის "წაუგებელი" ბრძოლა საზმაუს დირექტორობისთვის

A+ A-

17:33 16/09/2020

თუ ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირქქტორის პოსტზე ისეთ კანდიდატს გაიყვანს, ვისაც  იღლიაში ამოიდებს და ამით ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს ქვეყანას და კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ თავს საპარლამენტო არჩევნების წინ. ამის შესახებ „2020NEWS“- პოლიტოლოგმა,  ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

ლაგაზიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში იღებს მონაწილეობას.

თუ რა არის მისი მოტივაცია და რის გაკეთებას აპირებს ამ პოსტზე - არჩევის შემთხვევაში, რაში დასჭირდა 40-მილიონიანი სესხის აღება საზმაუს წინა ხელმძღვანელობას, რაში იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თქვენ იღებთ მონაწილეობას საზიოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში. რა არის თქვენი ძირითადი მოტივაცია?

-  ჩავთვალე, რომ ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,   რომ ამ ბრძოლაში შევსულიყავი. იმ პირობებში, როდესაც საქართველო დღეს არის საინფორმაციო ომში რუსეთთან საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უნდა დარჩეს მხოლოდ მაუწყებლად, ის უნდა იქცეს საზოგადოების ხელში თავდაცვის ყველაზე  მძლავრ ბერკეტად. მეორეს მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე ტოტალურ ფეიკნიუსების ეპოქაში.  მნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო ომის მთავარი მიზანია საზოგადოების დაშლა და ერთამანეთისადმი მტრულად განწყოფილ ჯგუფებად დაქსაქსვა.  ამის საპირისპიროდ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“  ერთიან და  პროგრესზე ორიენტირებულ საზოგადოების მშენებლობას შეუწყოს ხელი.

ვფიქრობ, რომ წაუგებელ ომში შევედი, თუკი მოხდა სასწაული და გავიმარჯვე,  მე ყველაფერი ამის განხორციელების საშუალება მექნება, რაზეც ვისაუბრე. თუ ხელისუფლება მხოლოდ მის ინტერესებს მორგებული კანდიდატს აირჩევს, ეს იქნება ტესტი საზოგადოებისათვის.

მე დეტალურად შევისწავლე ყველა ის დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. დღევანდელი ბიუჯეტი არის 102 მილიონი ლარი, აქედან 59 მილიონი არის ის, რაც  მათ ბიუჯეტის შესახებ კანონით ქონდათ განსაზღვრული. 2 მილიონ 700 ათას ლარამდე არის კერძო შემოსავლები, სავარაუდოდ,  სარეკლამო ბაზრიდან მიღებული.  40 მილიონ ლარზე მეტი არის სახელმწიფოდან აღებული სესხი. ძალიან საინტერესოა,  რისთვის დაჭირდათ ეს სესხი.  თუ გავითვალისწინებთ,  რომ 10 მილიონი ლარი იხარჯება ადმინისტრაციულ ხარჯებზე.  კიდევ  ბევრი რამ არის საინტერესო, რისი შესწავლის და გარკვევის საშუალებას  მე მომცემს  ჩემი გამოცდილება როგორც  უსაფრთოების, ასევე კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის, ასევე ბუღალტრულ და ფინანსურ სფეროში.  

თუ ხელისუფლებამ კვლავ ხელების გადაგრეხის პოლიტიკა აირჩია სამეურვეო საბჭოსთან ურთიერთობაში და კვლავ მორჩილი კანდიდატი გაიყვანეს, ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან თვალსაჩინო ხელწერა და დიაგნოზი ხელისუფლებისათვის, როგორც ქართველი საზოგადოების და ამომრჩევლის,  ასევე საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატების  თვალში, თუ რას აპირებს ის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ აპირებს სხვადასხვა მანიპულაციებით არჩევნებზე ზემოქმედებას.

ხელისუფლებამ აირჩიოს რომელ გზას დაადგება, გარისკავს და დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუ ისე ისეთ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც იღლიაში ამოიდებს და ამით ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს ქვეყანას და კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ თავს საპარლამენტო არჩევნების წინ.

- როგორია თქვენი პროგნოზი?

- გამიჭირდება ხელისუფლების ქმედების პროგნოზირება. საღი აზრი მოითხოვს, რომ მათ ეს ტესტი ჩააბარონ ისე, რომ საკუთარი თავი არ დაიზიანონ. რა არის მათთვის პრიორიტეტი, იღლიაში ამოდებული კანდიდატი, თუ საპარლამენტო არჩევნების წინ საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ მათ დამოუკიდებელი კანდიდატი გაიყვანეს, რა უფრო დააზარალებს მათ, ეს თვითონ უნდა განსაზღვრონ.

როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?

- მე ვიყავი დღეს მეშვიდე კანდიდატი, არ ვიცი სხვა კონკურენტების ვინაობა. ერთადერთი ვიცი,  რომ კონკურსში მონაწილეობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი.

თქვენი დანიშვნის შემთხვევაში ტელევიზიის ბიუჯეტს გადახედვა მოხდება?

- მე ვერ მოვიძიე დეტალურად ეს ასმილიონიანი ბიუჯეტი რისკენ არის მიმართული, ვერ მოვიძიე  კერძო აუდიტის დასკვნა, ვერ მოვიძიე  ჩატარდა თუ არა ეს აუდიტი საერთოდ.  უახლესი აუდიტის დასკვნა იქ არ დევს. ასევე ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს ის 10 მილიონი, რაც ადმინისტრაციული ხარჯებისთვის არის აკუმულირებული. თუ მივედი ამ თანამდებობაზე, ამ საკითხებზე ყოველდღიური კონტაქტი მექნება მედიასთან.

ცნობისთვის.  საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადის შეტანის ვადა დღეს 19.00 საათზე სრულდება. კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა და ვინაობა სამი დღის ვადაში გახდება ცნობილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა 18 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც  საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი გახდა.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად: გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ.

ირინა მაკარიძე