"პატრიოტთა ალიანსი" შესაძლოა, მეორე ადგილზე გავიდეს - ცაგარელის სკანდალური ვარსკვლავური პროგნოზები პარტიებს
"პატრიოტთა ალიანსი" შესაძლოა, მეორე ადგილზე გავიდეს - ცაგარელის სკანდალური ვარსკვლავური პროგნოზები პარტიებს

A+ A-

19:07 16/09/2020

N1 – კურო, ანუ „ქართული ოცნება“, N2  - ქალწული თუ სასწორი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“და  N3 - მერწყული ანუ, „ევროპული საქართველო“ - ამ თანმიმდევრობით უწინასწამეტყველებენ პოლიტიკურ პარტიებს წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს 2020  წლის საპარლამენტო არჩევნებში ვარსკვლავები და ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. თუმცა სკანდალი წინაა - „ვარსკვლავურ რეიტინგში“ N4 - მშვილდოსანი, ანუ  „პატრიოტთა ალიანსია“, თუმცა, მას ვარსკვლავები მეორე ადგილსაც კი უწინასწარმეტყველებენ.

“2020NEWS” დაინტერესდა, თუ რომელი პოლიტიკური პარტია რომელი ზოდიაქოს ნიშანია და რა წარმატების შანსები აქვთ მათ ოქტომბრის არჩევნებში. ამ თემასთან დაკავშირებით “2020NEWS” ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.

როგორც ცაგარელი აცხადებს, მმართველი პარტია ჰოროსკოპით კუროა, სტაბილურობის  ნიშანი, რომელიც გამარჯვებას მოიპოვებს, თუმცა მას სირთულეების გადალახვა მოუწევს, რადგან ეს წელი კუროებისათვის ია-ვარდით მოფენილი არ არის.

 

„ქართული ოცნებას“ ბევრი სირთულეები ექნება, არხეინად რომ  ვერ იქნებიან. ამ ნიშანს - კუროს სირთულეები აქვს, მაგრამ მთლიანობაში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან ეს არის სტაბილურობის ნიშანი. სწორედ ამიტომ, ამ ნიშნის მორყევა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. გამარჯვება მათ მხარეს იქნება, თუმცა გარკვეული სირთულეების გადალახვის ხარჯზე. ეს წელიწადი განსაკუთრებით კუროს ნიშნისათვის ია-ვარდით მოფენილი არ არის, მაგრამ მათ წარმატების შანსი აქვთ“, - განაცხადა ცაგარელმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“,  ასტროლოგის თქმით, აღნიშნულ პარტიას წელს არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება და „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში იმედები არ უნდა ჰქონდეს.

ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელიც 2001 წლის სექტემბრის თვეშია დაფუძნებული და ზოდიაქოთი ეს ქალწულისა და სასწორის პერიოდია, პოლიტიკური მომავალი საარჩევნოდ  კარგი არ აქვს, მით უფრო, როდესაც მასთან ასოცირებული პარტიების დაქსაქსვა მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობას მეტად გაუჭირდება, მითუმეტეს, როცა დაქსაქსულები არიან და ერთმანეთში იბრძვიან. ეს მათ ხმებს დააკარგვინებს. საარჩევნოდ, მათი დაქსაქსვა სულაც არ არის ერთის მხრივ კარგი, მაგრამ მეორეს მხრივ - მათ, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს აჩვენეს, რომ როგორც კი ერთს დააკლდება ხმები და მეორეს აქვს საშუალება, ის აუცილებად მისცეს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თუ აღმოჩნდება, ისე, საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებიდან რომელიმეს მეტი  ხმა დაუგროვდება და აუცილებელი იქნება ამ სატელიტმა პარტიებმა მათ ხმა მისცენ, ისინი ხმას მისცემენ, რათა, რაც შეიძლება მეტი უმრავლესობით შევიდნენ პარლამენტში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ წელს უფრო გაუჭირდება ვიდრე წინა წლებში. მით უფრო, ამ დაქსაქსულობით და უკვე ურთიერთოსაწინააღმდეგო პოზიციების გამო, შესაძლოა, შერიგდნენ საარჩევნო პროცესისათვის, მაგრამ მერე თუკი რამეს მიაღწიეს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება. წარმატების შანსი მათ აქვთ დაბალი და „ქართული ოცნების დამარცხებასთან“ დაკავშირებით, მათ არ უნდა ჰქონდეთ იმედი“, - ამბობს ასტოლოგი.

ცაგარელის თქმით, „ევროპული საქართველო“,  რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მერწყულია,  წარმატების გარკვეული შანსები და პერსპექტივები აქვს, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შესვლის შანსი მიზერულია.

„ევროპულ საქართველოს“ გარკვეული შანსები, პერსპექტივები უდაოდ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს სასწორის ზოდიაქოში და როდესაც მზე გადის სასწორის ზოდიაქოში ეს ნიშანი ძალიან პექსპექტიულია, მაგრამ შორს ვერ წავლენ. ალბათ უფრო მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ გაურიგდებიან, მაგრამ ის რომ ვთქვათ, „ევროპული საქართველო“უმრავლესობით შევა პარლამენტშიო, ეს ტყუილია, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამ პარტიამ გარკვეული ხმები მოიპოვოს, მაგრამ წარმატების შანსი მაინც მიზერული აქვს“, - განაცხადა ცაგარელმა.

დიდ წარმატებებს და კარგ საარჩევნო პერიოდს უწინასწარმეტყველებს ცაგარელი „პატრიოტთა ალიანსს“.  მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მშვილდოსნის ნიშნის პერიოდში შექმნილმა ამ პარტიამ, არც მეტი და არც ნაკლები, მეორე ადგილისთვის იბრძოლოს.

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიას საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ეს პარტია ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გაუწევს „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მეორე, მესამე, მეოთხე ადგილებზე  ამ სამ პარტიას შორის იქნება ბრძოლა. არ არის გამორიცხული, რომ ირმა ინაშვილმა და მისმა პარტიამ ამჯერად სერიოზული ხმები წაართვას ამ ორ პარტიას  და არ არის გამორიცხული რომ მეორე ადგილზე ეს ჯგუფიც ვიხილოთ“, - ამბობს ასტროლოგი.

რაც შეეხება ახლადშექმნილ პარტიებს, მიხეილ ცაგარელი სააგენტოსთან საუბარისას ამბობს, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც თხის რქაა, პრობლემები აქვს და არჩევნებში დიდი წარმატების მოპოვების შანსი არ აქვს.

 

„ამ პარტიას პრობლემები აქვს. მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ თხის რქაა და თხის რქის ზოდიაქოში სატურნია შესული. ეს მძიმე პლანეტაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თხის რქა სასწორებთან ვერ მეგობრობს. არჩევნები სასწორის ზოდიაქოში იმართება, ამიტომ თხის რქის წარმატების შანსი საკმაოდ დაბალია. მე მახსოვს, როდესაც „ლელო“ ჩამოყალიბდა, მათ ეს პროცესები ახალ მთვარეობაზე დაიწყეს, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელი იყო და ეს დიდი შეცდომა გახლდათ. მე მათ მოვუწოდე, რომ ეს შეცდომა მათ ძვირად დაუჯდებოდა, წარმატების შანსი მიზერული აქვთ“, - ამბობს ასტროლოგი.

„ნაციონალური მოძრაობას“ ხმებს დააკარგვინებს კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელი“,  რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშანია.

ცაგარელის მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ მსგავსად, აღნიშნული კოალიციაც წარმატებას ვერ მიაღწევს.

„კოალიცია სტრატეგია აღმაშენებელი ხმებს დააკარგვინებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ამ მხრივ მათ შორის, ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. ყოველ შემთხვევაში, მათი ლიდერები მოხვდებიან პარლამენტში, მაგრამ მთლიანობაში პარტია, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს, როგორც კოალიცია, ეს ფაქტია. ამიტომ ვამბობ, რომ სხვა კოალიციებზე, პარტიებზე  საუბარი შესაძლებელია იმ დონეზე, რომ ისინი 1-2 კაცს მაინც  შეიყვანენ პარლამენტში, მაქსიმუმ ამის იმედი უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ცაგარელმა.