პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

A+ A-

09:40 18/09/2020

პარლამენტში დღეს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით წარსდგება.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, ისინი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრს შემდეგი შეკითხვებით მიმართავენ:

„ეკონომიკის მკვეთრი შემცირების პირობებში, რაც სახეზეა ბოლო თვეების განმავლობაში, ფიქრობთ თუ არა, რომ აუცილებელია შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა, განულდეს 2020 წლის ქონების გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის და შეიცვალოს დღგ-ს დაბეგვრის წესი?

პანდემიის პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვალი რადიკალურად იზრდება და სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება, ფიქრობთ თუ არა, რომ სასწრაფოდ შესამცირებელია ბიუროკრატიული ხარჯები და არაეფექტური სახელმწიფო პროგრამები?

რატომ ეთქვა უარი აგვისტოსა და სექტემბერში 16 ტურისტულ ჩარტერულ რეისს ლიეტუვიდან და ესტონეთიდან, ისევე, როგორც სხვა ტურისტულ ჩარტერებს საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან?

რით არის განპირობებული საქართველოს მოქალაქეების იძულებით კარანტინში მოთავსება მაშინაც კი, თუკი ისინი ქვეყანაში ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, მაშინ როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს მსგავსი კარანტინის გავლა არ მოეთხოვებათ?

რით არის განპირობებული ის, რომ საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეჰყავს საბერძნეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად უკეთესია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილ ქვეყნებთან შედარებით?

რით არის გამოწვეული უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენაზე ნებართვაზე უარის თქმა, როცა მსგავსი ავიაკომპანიები ამატებენ ახალ რეისებს კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნებში, მაგალითად ბალტიის ქვეყნებში?“, – აღნიშნულია მიმართვის დოკუმენტში.