ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო, კარანტინი მეორედ გამოცხადდა
ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო, კარანტინი მეორედ გამოცხადდა

A+ A-

11:34 18/09/2020

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის ფონზე ისრაელის მთავრობამ მიმდინარე წლის განმავლობაში მეორედ კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიხურება სკოლები, საბავშვო ბაღები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, დასვენების ზონები და პლაჟები. რესტორნებში მხოლოდ საკვების ადგილზე მიტანის სერვისი იმუშავებს. მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე საცხოვრებელი სახლიდან 500 მეტრზე შორს გადაადგილება ეკრძალება. შემზღუდავი ზომები სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მზადაა მოსახლეობა რეგულაციების შესრულებისთვის. უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ისრაელში დღესასწაულები როშ ჰაშანა (ახალი წელი) და იომ-ქიფური (მიტევების დღე) აღინიშნება. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლბოაში მოსახლეობა ხშირად აპროტესტებდა კორონავირუსთან ბრძოლის მთავრობის მეთოდებს. რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს პოლიციასთან ერთად 1000 სამხედრო განახორციელებს.

შესაბამისად, ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო: imedinews.ge