სვეტლანა ტიხანოვსკაიას გაერო-ში სიტყვით გამოსვლის ჩაშლას ბელარუსის, ვენესუელას, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები შეეცადნენ
სვეტლანა ტიხანოვსკაიას გაერო-ში სიტყვით გამოსვლის ჩაშლას ბელარუსის, ვენესუელას, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები შეეცადნენ

A+ A-

16:53 18/09/2020
ბელარუსის, ვენესუელას, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები შეეცადნენ, დაებლოკათ ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეო ჩართვა ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
 
მათი მტკიცებით, იმ ადამიანების ვიდეოების ჩვენება, რომლებიც სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, რეგლამენტს არღვევს, თუმცა, ოთხი ქვეყნის წარმომადგენლების ეს პრეტენზია ევროპულმა ქვეყნებმა და გაეროს ადამინის უფლებების საბჭომ არ მიიღეს.
 
ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციებისას დაფიქსირებული ადამიანების უფლებების დარღვევების, დაკავებებისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.
 
სხდომაზე, ვიდეო ჩართვის შედეგად სიტყვით გამოსვლისას, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის „ადამიანის ღირსების უნივერსალური საკითხი".
ანაის მარენმა, რომელიც ბელარუსში ადამიანთა უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საბჭოს სპეციალური მომხსენებელია, განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ძალადობრივი მეთოდებით 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მან ბელარუსის ხელისუფლებას ძალადობის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
 
გაერო-ში ბელარუსის წარმომადგენელმა იური ამბრაზევიჩმა წამებისა და დაკავების ფაქტები უარყო და აღნიშნა, რომ „მასმედიამ და სოციალურმა ქსელებმა შექმნეს რეალობის ცალმხრივი სურათი”. მისივე მტკიცებით, საგანგებო დებატების გამართვა ბელარუსის საქმეებში გარე ჩარევაა.
 
რუსეთის წარმომადგენელმა შეხვედრაში მონაწილე ქვეყნებს „აგრესიული" უწოდა და განაცხადა, რომ ისინი ბელარუსში დესტაბილიზაციას ცდილობენ.