"ქართულ ოცნებას" ლარის გაუფასურება და კორონავირუსი გამოუთხრის სამარეს - რომან გოცირიძე
"ქართულ ოცნებას" ლარის გაუფასურება და კორონავირუსი გამოუთხრის სამარეს - რომან გოცირიძე

A+ A-

18:39 18/09/2020

ლარის გაუფასურება და კორონავირუსი გამოუთხრის სამარეს „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის გაუფასურება ფასების მომატებას გამოიწვევს, რომელიც საზოგადოებაზე ცუდად იმოქმედებს და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„ლარის გაუფასურება მოქალაქეებზე ძალიან მძიმედ იმოქმედებს, ჩამოშლის და გაანადგურებს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც არც ახლა იმყოფება კარგ დღეში. გაიზრდება რეგულირებული ფასები, დენის, გაზის, წყლისა და ბუნებრივი აირის,  გაიზრდება პროდუქტების ფასებიც. ჩამოიშლება და განადგურდება მცირე და საშუალო ბიზნესები, ყოველივე ეს და კორონავირუსისგან გამოწვეული სიტუაცია „ქართული ოცნების“ ძირის გამოთხრის საწინდარი იქნება“ , - ამბობს გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველანაირი ბერკეტი გაანადგურა,  რაც კი გააჩნდათ, მათ დარჩათ ერთადერთი „მუხრუჭი“, რომელიც ხელით მუშაობს და მალე გაჩერდება.

„ეკონომიკა ჩამოშლილია, რა ბერკეტებიც გააჩნდა „ქართულ ოცნებას”,  განადგურდა.  ყველანაირი მუხრუჭი გაფუჭებული აქვს მთავრობას,  გარდა ერთისა ეს ხელის მუხრუჭია, რომელიც მალე გაჩერდება. სანამ ახალი ხელისუფლება არ მოვა,  ვერ შეიცვლება ის უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ამ ხელისუფლების მმართველობის ჩვეულებრივი მომენტია ლარის გაუფასურება, 8 წლის განმავლობაში მათ შეძლებს და 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,21 გახადეს“ , - აცხადებს გოცირიძე სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,6 იყო,  ახლა კი 3,21-ია.  გოცირიძე თვლის, რომ ეროვნული ბანკის გარდა ლარის გაუფასურებაში მთავრობაც ჩართულია.

„როდესაც წინა მთავრობის დროს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,6 იყო,  ახლა 3,21-ია. მთავრობა ლარის გაუფასურებაშია ჩართული, ეროვნული ბანკი კი არაკომპეტენტურობას იჩენს. ეკონომიკა ჩამოშლილია დოლარი 400 მილიონად გაყიდეს და მეორე დღეს ასეთ ნიშნულამდე აიყვანეს ლარი. ერთის მხრივ,  მთავრობას სურს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გული მოიგოს, 18 წლამდე ბავშვებს 200-200 ლარი გადასცა, როდესაც შეეძლო,  რომ ეს ყველაფერი მანამდეც გაეკეთებინა,  მეორეს მხრივ კი,  ლარს აუფასურებს.  ცოტათი სასაცილოა,  მთავრობას ამ ვითომ სასიკეთო საქციელების გაკეთება,  რამდენ ხმასაც მოუტანს ორ იმდენს წაართმევს, თუნდაც ამ ლარის გაუფასურების გამო“,  - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0254 შეადგინა.

ხატია მამულია