აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

A+ A-

11:16 19/09/2020

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუთ ბეიდერ გინსბურგი ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

გინსბურგი აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა. ის მოსამართლედ 1993 წელს დაინიშნა, დემოკრატი ბილ კლინტონის მმართველობის დროს.

ამერიკული მედიის ცნობით, გინსბურგი დონალდ ტრამპის პოლიტიკას არ ემხრობოდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან განაცხადა, რომ მოსამართლის თანამდებობის დატოვება არ სურს, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მუდმივი ვადით ინიშნებიან. მოსამართლის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს, სადაც ამჟამად უმრავლესობას მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაპარტიელები – რესპუბლიკელები ფლობენ.

არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი არჩევნებამდე წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი მოსამართლეების უმრავლესობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

თავის მხრივ, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გინსბურგის შემცვლელი არჩევნებში გამარჯვებულმა უნდა წარადგინოს.

„ეჭვგარეშეა, რომ ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ პრეზიდენტი და პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს სენატს მოსამართლის კანდიდატურა განსახილველად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.