სააკაშვილის განცხადებებს ხელისუფლება დემონიზაციის ხარისხის გასაზრდელად იყენებს - წერეთელი
სააკაშვილის  განცხადებებს ხელისუფლება დემონიზაციის ხარისხის გასაზრდელად იყენებს -  წერეთელი

A+ A-

18:04 21/09/2020

მიხეილ სააკაშვილის  განცხადებებს ხელისუფლება დემონიზაციის ხარისხის გასაზრდელად იყენებს. ამგვარად ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი ექსპრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს პოლიტიკური პარტიების კოალიციის არ სჯერა.

როგორც მან 2020NEWS-თან  განაცხადა,  ოპოზიციურ პარტიებს მომავალი თანამშრომლობის მიზნით მეტი კოორდინაცია ჭირდებათ.

„ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კოალიციური მთავრობა უნდა შედგეს, ყველა კვლევა ამას მიუთითებს, რომ ერთი პარტია ცალკე აღებული ხელისუფლებას ვერ  უგებს. ამ დროს, როდესაც პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ  მხოლოდ მე ვარ და მხოლოდ ივანიშვილია, რა თქმა უნდა, ამას  ხელისუფლება იყენებს დემონიზაციის ხარისხის  გასაზრდელად, რომ  მიხეილ სააკაშვილი  გამოიყვანოს საფრთხობელად, რასაც აკეთებენ ყოველთვის. ძირითადად,  ესაა ხელისუფლების საქმე,  მხოლოდ წინა ხელისუფლებაზე  ლაპარაკობს. ამ ტიპის რიტორიკა ხელისუფლების ინტერესში ჯდება, ამიტომ მეტად საჭიროა საერთო წერტილების მოძებნა“, -  განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით,  ოპოზიციურ პარტიებს შორის ისეთი ნაბიჯები არ უნდა იყოს გადადგმული, რაც თანამშრომლობას ხელს შეუშლის, თუნდაც მომავალ კოალიციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ის მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს და არა - პარტიულს.

 "მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების, საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ირინა მაკარიძე