რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მეტი დაწყებული საქმე მივა ბოლომდე - ანი მიროტაძე
რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მეტი დაწყებული საქმე მივა ბოლომდე  - ანი მიროტაძე

A+ A-

18:27 25/09/2020

ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის  ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ შეიძლება ვინმეს გაუნაწილონ ხელისუფლება“, -  აცხადებს „ლელო საქართველოსათვის“ ჭიათურის – საჩხერისდა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი მიროტაძე  ონლაინ გამოცემასთან - „ქალები საქართველოდან Women of Georgia“.

მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პროფესიით ჟურნალისტი ანი მიროტაძე, რომელმაც გადაწყვიტა, კვლავ ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში,  იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება პირველად მიიღო და აცხადებს, რომ მაშინაც, როგორც ახლა,  იმდროინდელ მმართველ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“  ქონდა მოლოდინი , ხელისუფლებაში მესამე ვადით მოვიდოდა.

„2010 წლის ბოლოს, პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე - ''ეროვნული ფორუმის'' ლიდერმა, კახა შარტავამ შემომთავაზა, პოლიტიკაში წასვლაზე ხომ არ იფიქრებდიო. მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმიტომ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც, პრაქტიკულად, მთელი პოლიტიკური ველი მოსწორებული იყო – ''რვიანის'' ფორმატიც, ოპოზიციის ფორმატი, ყველაფერი დაშლილი იყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა განცდა, რომ მესამე ვადით მოიგებდა არჩევნებს.  ასეთ სიტუაციაში მივიღე გადაწყვეტილება, წავედი პოლიტიკაში და „ეროვნულ ფორუმს“ შევუერთდი.

ჩემი გარემოცვისთვის - ახლობლებისა და მეგობრებისთვის, ეს ძალიან მოულოდნელი ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ მაშინდელი პოლიტიკური მდგომაროება გარედან ძალიან უპერსპექტივო ჩანდა. თუმცა, ეს ყველაფერი, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით შეიცვალა. შემდეგ კოალიცია შეიქმნა, ჩვენ ვიყავით კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სუბიექტი პარტია. ამდენად, „ეროვნული ფორუმის“ კვოტით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, საქართველოს 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გავხდი, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და იურიდიული კომიტეტის წევრი ვიყავი “, - იხსენებს ანი მიროტაძე.

როგორც ის აღნიშნავს,  2015 წლიდან უკვე შეუძლებელი იყო „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის ფორმატში დარჩენა .

ისეთი უხეში ფორმებით გამოხატული კონტროლი და შეზღუდვა იყო, უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. პოლიტიკურ მომავალთან და ზოგადად, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხედვებში, იმდენად დიდი სხვაობა იყო, ცოტა თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა თუ გქონდა შენი ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე, ამ კოალიციაში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა“, - აცხადებს მიროტაძე.

მისი თქმით, კოალიციიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე უარის თქმაც გახდა.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო/ ეს იყო ერთ-ერთი  მთავარი დაპირება. როდესაც პირადად მე შევახსენე მმართველ გუნდს ამ დაპირების შესახებ, ისე შეცვალეს ყველაფერი და ისეთი გაოცებულები იყვნენ - რას ლაპარაკობ, რა პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება, მერე რა, რომ ხალხს დავპირდითო.

მაშინ, ჩვენ ჩვენი გზით წასვლა გადავწყვიტეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2016 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მმართველ პარტიას კატეგორიულად არ უნდოდა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. სხვა საკითხებთან ერთად, ჩემთვის მთავარი წყალგამყოფი ეს საკითხი იყო,“ - აცხადებს ანი მიროტაძე.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში ცვლილებები  განათლების სისტემის რეფორმით უნდა დაიწყოს.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სოციალური პრობლემა გვაქვს, რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს და ეროვნული დონის ამოცანა მგონია, ეს არის განათლების სისტემის ძირფესვიანი რეფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება სახელმწიფო. ახლა, 45 წლის ასაკში, კიდევ ერთხელ, აქტიურად იმისთვის შემოვდივარ პოლიტიკაში, რომ მთავარი აქცენტი განათლებაზე გავაკეთოთ“, - აცხადებს  ანი მიროტაძე.

ქალი კანდიდატი მიიჩნევს, რომ  რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მით მეტად იქნება საუბარი ქალების, ბავშვების, მოხუცების, უმცირესობის საჭიროებებზე,  განათლებისა და  პირველადი ჯანდაცვის სისტემებში არსებულ პრობლემებზე.  

„აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ქალი ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ვიდრე კაცი. ზოგადად, ქალი უფრო მეტად ცდილობს, არჩევნებზე იაქტიუროს და ხმა მისცეს. მე ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მან ყველაზე უკეთ იცის, რატომ აქვს თავის ოჯახს, შვილებს პრობლემები, სად რა არის გამოსასწორებელი. მე ვფიქრობ, ქალი უფრო ახლოს არის იმის გააზრებასთან, რა შეიძლება იყოს უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის.

ასევე ვფიქრობ, რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მით მეტად იქნება საუბარი ქალების, ბავშვების, მოხუცების, უმცირესობის საჭიროებებზე, რა პრობლემები გვაქვს განათლებაში, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, რა პრობლემებია მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირებით. ამაზე კაცები არ ლაპარაკობენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათმა უმეტესობამ, ეს არ იცის.

რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მით მეტი გარანტია იქნება, რომ რასაც ის ხელს მოკიდებს, ის საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - აცხადებს „ლელოს“ მაჟორიტარობის ქალი კანდიდატი.

ირინა მაკარიძე