ერთიანი ოპოზიციური ძალის კანდიდატად თუ დავრჩები, შანსი მაქვს, დავამარცხო გია ვოლსკი - ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე
ერთიანი ოპოზიციური ძალის კანდიდატად თუ დავრჩები, შანსი მაქვს, დავამარცხო გია ვოლსკი  -  ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე

A+ A-

19:04 25/09/2020

აპირებს თუ არა პირველი „გირჩელი“  „ნაციონალური მოძრაობის“  ამომრჩევლისათვის ბოდიშის მოხდას, დაუჭერს თუ არა მხარს პრემიერობის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას, როგორ გეგმავს არჩევნებში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სახის გია ვოლსკის დამარცხებას?  ამ და სხვა საკითხებზე  დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის მაჟორიტატობის კანდიდატი  ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე "2020NEWS“-ს ესაუბრა.

- პირველ რიგში,  აპირებთ, თუ არა ბოდიშის მოხდას „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის?

- მე არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა და მე არ მითქვამს,  რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების ხმები, მე ვთქვი, რომ ჩემთვის მნივნელოვანია სიმართლე და თუ არჩევანი გასაკეთებელია, სიმართლესა და ხმებს შორის, მე ყოველთვის  არჩევანს გავაკეთებ სიმართლის სასარგებლოდ.  ქალბატონმა სალომემ ასე დამიყენა საკითხი, რომ ხმები უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკოსოსათვის, არა, სიმართლე  უფრო მნიშვნელოვანია.მითუმეტეს, რომ   არაფერი შეურაცხმყოფელი ჩემს ნათქვამში არ ყოფილა...

- ბოლო პერიოდში ოპოზიციური ფრონტი ურთიერთბრალდებებითაა დაკავებული, ამის შესახებ რას იტყვით?

- ძალიან ბუნებრივია, რომ ოპოზიციური პარტიები, ერთის მხრივ,  იბრძვიან,  ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, ამავე დროს ოპოზიციურ პარტიებს შორის არის კონკურენცია. ჩვეულებრივი ამბავია, რომ მათ შორის არის განსხვავებული აზრი, კამათი. მე  ნორმალური მგონია ეს ყველაფერი.

- რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, მან თავისი პირველი განცხადება შეცვალა და მეორე დღეს საპირისპირო თქვა, რას იტყვით ზოგადად მის განცხადებებზე?

- პირველ განცხადებას მე ფეისბუქპოსტით ვუპასუხე. მგონია, რომ არასწორი იყო თავდასხმა  ოპოზიციურ  პარტიებზე, რომლებიც „ნაციონალურ  მოძრაობასთან“  ერთად ვთანამშრომლობთ, მათი „პარტიუკებად“ მოხსენიება. ასევე  დამაზიანებელი იყო  განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი პარტია დამოუკიდებლად გაიმარჯვებს.   მორიგ განცხადებაში,  პირველ რიგში, წინა განცხადების ტონი შეცვალა...

- ფიქრობთ, რომ ასეთი სკანდალური შინაარსის განცხადებებს მომავალში მისგან აღარ უნდა ველოდოთ?

- არა, მაგას არ ვფიქრობ, პრეზიდენტ სააკაშვილს ახასიათებს მსგავსი მოულოდნელობები, ველოდები, რომ რამდენიმე დღეში შესაძლოა ისეთი რამ თქვას, რაც წინაღმდეგობაში მოვა მის წინა განცხადებებთან. გააჩნია, როგორ შეხედავს არსებულ ვითარებას და რას ჩათვლის, რომ მისთვის კონკრეტულ მომენტში არის მომგებიანი.

- როგორ აფასებთ თქვენი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შანსს?  თქვენი პარტიის რეიტინგი იმედისმომცემი არაა და რამდენად შეძლებთ მმართველი პარტიის კონკურენტის, რომელიც  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკია,  დამარცხებას?

- გია ვოლსკი არის ერთ-ერთი მთავარი სახე „ქართული ოცნების“. გარკვეულწილად, მმართველი პარტიისთვის პრესტიჟის საკითხიცაა, რომ გია ვოლსკი არ დამარცხდეს. თუმცა,  მე თუ დავრჩები ერთიანი ოპოზიციური ძალის კანდიდატად და მექნება მხარდაჭერა, მათ შორის ერთიანი ოპოზიციური ძალის, მითუმეტეს,  ქალბატონი სამადაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, მე მგონი შანსი მაქვს, რომ დავამარცხო ვოლსკი.

- ანუ, თქვენთვის მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ?

- დიახ, მნიშვნელოვანია“ ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმა, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების და ნებისმიერი ამომრჩევლის ხმა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერს ვუპირისპირდები, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, რაც ნიშნავს, რომ სრული მობილიზაცია ექნებათ ყოველგვარი რესურსის.

- თქვენ თავად გადაწყვიტეთ ამ ოლქში კენჭისყრა, რით იყო ეს განპირობებული?

- დიახ, თავდაპირველად  ჩვენ,  „გირჩმა“ უარი ვთქვით, რომ მიგვეღო მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში, რათა მიგვეცა შანსი ოპოზიციური პარტიებისათვის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებისათვის. როდესაც ვნახეთ,  რომ  ვერ თანხმდებოდნენ,  გადავწყვიტეთ,  რომ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა ამ პროცესში.  თბილისის გარეთ, უბრალოდ, გაუგებარი იქნებოდა ჩემი დადგომა.  ვაკეში, სადაც მე თავიდან ვფიქრობდი დადგომას, უკვე დასახელებული იყო ელენე ხოშტარიას კანდიდატურა, რომელსაც მე საჯაროდ დავუჭირე მხარი. დარჩენილი იყო საბურთალო და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი. ამ ორი ოლქიდან ავარჩიეთ დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც გია ვოლსკისთან დაპირისპირება უფრო საინტერესო იყო ჩემთვის.  ამასთან, დიდუბე არის ის ოლქი, სადაც მე საპრეზიდენტო არჩევნებზე  გავედი მესამე ადგილზე.  მხარდამჭერების ბაზა საკმაოდ კარგი მყავს იქ, მაგრამ შედეგი დამოკიდებული იქნება სხვა პარტიებიდან მხარდაჭერაზე, ასევე დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში როგორ ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას.

- რაც შეეხება პროპორციული სიით თქვენი პარტიის მონაწილეობას პარლამენტში,  აქ რა შედეგს ელოდებით?

- ფრაქციით თუ შევალთ პარლამენტში, პირადად მე ვიქნები ძალიან კმაყოფილი,  ეს ნიშნავს საკმაოდ მაღალ, 6 -7 პროცენტს. 

- რაში ხედავთ ქვეყანაში არსებული რთული  ეკონომიკური  მდგომარეობიდან გამოსავალს?

- ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ყოველთვის იყო, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არასდროს ქონია გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ ვიმყოფებით ქაოსის მდგომარეობაში, რაც აჩენს არასტაბილურობის განცდას. არავინ იცის, ხვალ რა ტიპის გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული ხელისუფლების მხრიდან.  ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც  ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები მიუღია ხელისუფლებას...  ეს არასტაბილურობის განცდა და არაპროგნოზირება არის ის,  რაც ანგრევს ეკონომიკას. ამას ემატება ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.  სერიოზულ ინვესტორს რომ მოუნდეს ამ ქვეყანაში შემოსვლა, მან გადაწყვეტილების მიმღები პირი უნდა ნახოს ან სოლოლაკში, ან შეკვეთილში.  არაფორმალურ ურთიერთობებში უნდა შევიდეს,  რის გამოც  ცხადია,  სერიოზული ინვესტორი ამ ქვეყანაში არ შემოვა.  ეს  კი ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა განწირულია ეკონომიკური  თვალსაზრისით, ჭაობისთვის  იმ დრომდე,  ვიდრე ხელისუფლება და მმართველობის სტილი არ შეიცვლება. 

- რამდენად  რეალურია ახლა ოპოზიციის შანსი, რომ მის ხელში გადავიდეს ქვეყნის მართვის ბერკეტები?

- ჩემი აზრით, ოპოზიციის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ შევთანხმდეთ.  გავაგრძელოთ ამ შეთანხმებების გზებით სიარული, რომელიც გვაქვს უკვე სასამართლოსთან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.  ვაჩვენოთ ამომრჩეველს, რომ მიუხედავად ჩვენს შორის განსხვავებისა და კრიტიკული დამოკიდებულებისა, მიუხედავად მუდმივი კინკლაობისა და  კამათისა,  ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ,  რაც არის გარანტია იმისა, რომ  ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში,  ჩვენ შევძლებთ უმრავლესობის და შემდეგ მთავრობის დაკომპლექტებას, რომ შემდეგ გავატაროთ კონკრეტული რეფორმები.   მე მგონია,  ეს არის ახლა უმთავრესი საკითხი, რითაც  ოპოზიცია უნდა იყოს ახლა დაკავებული. ამასთან,  საჭიროა ოპოზიციიდან ერთ ხმაში  ისმოდეს კრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკური პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც თავიდან ბოლომდე არის დამყარებული კორონაპანდემიაზე, რომელსაც იდეალურად იყენებს.  ერთის მხრივ, ბიუჯეტიდან ფულის დარიგება, რომელიც ქვეყანამ ვალად აიღო, მეორე მხრივ, თავის  წარმოჩინა  მხსნელებად, რომლთაც ქვეყანა  გადაარჩინეს  პანდემიას. მესამე  -  აფრთხობენ მოსახლეობას და ამით ცდილობენ არჩევნების დღეს  რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე. თუმცა, არაფერი საშიში არ არის და ხალხი უნდა მოვიდეს არჩევნებზე.  თუ ამ ყველაფერს შეძლებს ოპოზიცია, მაშინ გაიმარჯვებს.

- ასეთ შემთხვევაში,  დღის წესრიგში დგება ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატის საკითხი, დაუჭერთ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილს?

- მგონია, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ბევრი რამ იქნება მოსალაპარაკებელი. ამოსავალი წერტილი არის ის რეფორმები, რომელიც გვინდა გავატაროთ.  თუ ჩვენ ამ რეფორმებს გავიტანთ, ასეთ შემთხვევაში,  ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს,  ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი.

ირინა მაკარიძე