"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს
"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

A+ A-

18:43 25/09/2020

არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში არის აღნიშნული, რომლითაც პარტია ეხმიანება ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გახსნას.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ტარდება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და სტრატეგიული პარტნიორების პოზიტიური შეფასებებიც ადასტურებს.

ბუნებრივია, დემოკრატიას მუდმივად სჭირდება განმტკიცება და სრულყოფა, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციითა და მათი ჩართულობით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც საარჩევნო პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და დემოკრატიულს გახდის.

გლობალური პანდემიისა და ეპიდემოლოგიური ვითარების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელოს.

კიდევ ერთხელ მივესალმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.