მამა კირიონი ღალატობს სამშობლოსა და პატიოსნებას - თეოლოგი ტიგინაშვილი
მამა კირიონი ღალატობს სამშობლოსა და პატიოსნებას - თეოლოგი ტიგინაშვილი

A+ A-

14:27 13/10/2020

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე, საპატრიარქოს მხრიდან სახეზეა ღალატი, მოღალატეა მამა კირიონიც. ამის შესახებ “2020NEWS“-თან ინტერვიუში თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა.

ტიგინაშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით-გარეჯის საკითხმა აზერბაიჯანულ მხარესთან ეთნო და რელიგიური დაპირისპირება გამოიწვიოს.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი 30 წელია სადაოა და ახლა ამ საკითხის გააქტიურება რუსეთის მხრიდან მართული პროცესია.

- დავით გარეჯთან მიმართებაში საპატრიარქოს პოზიციას როგორ შეაფასებდით?

- მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ არის საქართველოს საპატრიარქოს უნისონიდან სინქრონული თანმიმდევრობა აღნიშნული საკითხზე ხელისუფლების მიმართებით. ეს არის ერთიანი ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ შეთქმულება, და ამავდროულად,  ეთნოკონფლიქტის ინსპირირება, რაც რუსეთის შორს მიმავალი ზრახვების ხელშემწყობი ფაქტორია.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს  საქართველოს საპატრიარქო არის  ერთგვარი კოლაბორაციონისტური მე-5 კოლონა, რომელიც რეგიონში  კრემლის პოლიტიკის ხელშემწყობი ინსტიტიტია.

ეს არის სატელიტური პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით თავის საცეცებს ააქტიურებს და  თავის მავნებულურ მიზნებს აღწევს.

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სახეზეა პრაქტიკულად ღალატი, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ  ეს თემა ტემპერატურულად მაღალია და პოპულისტურად მიმზიდველი. ამ ნარატივში საქართველოს საპატრიარქო გვევლინება მთავარ აქტორად.

- საპატრიარქო დაადანაშაულეთ ღალატში, მოღალატედ თვლით მამა კირიონსაც, რომელმაც  დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენება მისცა?

- ზოგადად, მამა კირიონის პოზიციაც არის წინააღმდეგობრივი და  ძალიან პრობლემური. ხანდაზმული ადამიანები დაპატიმრებული არიან და აუცილებელია,  უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, ვიდრე განაჩენი არ დადგება.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მამა კირიონი მბრალმდებულად გვევლინება. მით უმეტეს, ის არ არის კომპენტენტური პირი კარტოგრაფიაში, რომ უტყუარი დასკვნები შემოგვთავაზოს.

აქაც  ჩანს, რომ მამა კირიონი დაინტერესებული და პოლიტიკურიად ანგაჟირებული მხარეა. ის გვევლინება პროკურორად, შესაბამისად, ღალატობს თავის მოწოდებას,  სამშობლოსა და პატიოსნებას.

თქვენ რამდენად გაქვთ ინფორმაცია, საქართველოს საპატრიარქოსთვის ხელმისაწვდომი იყო თუ არა 1936 წლის რუკა?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი არის ორმხრივი მოლაპარაკებისა და შეთანხმების თემა.   საქართველოს სახელმწიფო ათვლას საიდან დაიწყებს და რომელი წლის რუკას დაეყრდნობა, ეს არ არის აქ მნიშვნელოვანი. აქ მთავარია,  აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგი. 

აქვე მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა ეს ადგილი ნეიტრალურ ზონად დარჩეს. არ გაივლოს გალავანი, ან გამოიყოს  საზღვარი. ამის გამოცდილება უცხოეთში არსებობს.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ საზღვრის დადგენაში საპატრიარქო არ უნდა ჩაერიოს?

- საპატრიარქოს პრეროგატივა ეს არ არის, ამის პრეროგატივა სახელმწიფოს აქვს. ამაზე უნდა მსჯელობდნენ სპეციალისტები, ისტორიკოსები, ექსპერტები და უშუალოდ სახელმწიფოებს შორის უნდა შედგეს მოლაპარაკება.

- თქვენ ახსენეთ ეთნოდაპირისპირება და ფიქრობთ,რომ ეთნო და რელიგიურ დაპირისპირებას გამოიწვევს გარეჯის საქმე?

-რა თქმა უნდა, რელიგიური და ეთნო დაპირისპირება მოსალოდნელია. მით უმეტეს, ბოლო წლებში ამ თვალსაზრისით ვითარება საკმაოდ დაიძაბა. როგორც წესი, საპატრიარქო ასეთ დროს იქცევა ძალიან არაკორექტულად და იყენებს ისეთ საკითხებს, რითაც ფინანსურ სარგებელს იღებს.

ჯერჯერობით, აზერბაიჯანური მხარე დუმილის პოზიციაშია, რადგან სომხეთთან საომარ მოქმედებს აწარმოებს. რეალურად ამ საკითხის მოკვლევისთვის არ სცალიათ. ასეთ დროს, როდესაც საქართველო მოწმენდილ ცაზე იწყებს გამოჩხრეკვას ისეთი საკითხისას, რომელიც 30 წელია სადაოა, ეს  სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მხრიდან მართული პროცესი.

აქ  არის 3 ფაქტორი:

1. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურს, ყველაფერი დაბრალდეს მიხეილ სააკაშვილს და ვერ ჩამოვიდეს საქართველოში

2. ასევე სურთ, რეგიონში რუსეთის ინტერესები გაატარონ.

3. ასევე უნდათ - პოპულისტურ ნიადაგზე, ეკლესიასთან ერთად, ტყუილის ტირაჟირებით, საზოგადოებაში გამარჯვება მოიპოვონ.

- თქვენს მიერ ჩამოთვლილ სამ პუნქტს “ქართული ოცნება“ მოიყვანს სისრულეში?

- “ოცნება“ თავის საწადელს ვერ მიაღწევს, რადგან საზოგადოება ამაში არ აყვა. იგივე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაულის არავის სჯერა. შეუიარაღებელი  თვალითაც ჩანს,  რომ ეს საქმე არის გამოგონილი  და შეტენილი.  ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დაკნინებას. რატომ იმას არ გვეუბნებიან, ტერიტორია  გაიყიდა თუ ამის მცდელობა იყო?. თუ გაიყიდა ეს ტერიტორიები, ვინ გაყიდა? მყიდველი არ არის დამნაშავე? აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ აქვთ სადაო, რომ საიდუმლოდ შეიძენა?!. ამდენად,  კითხვები არსებობს და აქ ჩანს, რომ ეს საქმე არის გამოგინილი და ტყუილი.

- ყიდვა-გაყიდვის თემას შეეხეთ და გაყიდვის შემთხვევაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წარუდგენენ ბრალს და აზერბაიჯანულ  მხარესთანაც იქნება სამართლებრივი დავა?

- რთული სათქმელია, მაგრამ მე ვამბობ, რომ პროცედურულად ასე უნდა მოხდეს. თუ ეს საქმე სამხილებითა და მტკიცებულებებით არის გაჯერებული, მაშინ არა მხოლოდ  მათ - ვისაც ედავებიან, არამედ იმათაც უნდა წაუყენონ ბრალი, ვინც იყიდა, ან გაყიდა.

ახლიდან უნდა დაიწყონ გამოძიება, ეს იქნება დიალოგის სახით, თუ სხვა მიმართულებით, მაგრამ თუკი ეს აქამდე იცოდნენ და 8 წლის თავზე გაახსენდათ, ცოტა უცნაურია, ხომ? თუ ასეა, ყოჩაღ, ჩვენს კონტრდაზვერვასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

მარი ხარაშვილი