გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები დაიკითხებიან
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები დაიკითხებიან

A+ A-

11:30 16/10/2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ბრალდებული არასრულწლოვნები დაიკითხებიან.

როგორც ცნობილია, მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, ჩვენებას სავარაუდოდ, ორი ბრალდებული ლ.შ. და გ.მ. მისცემენ.

პროკურორი ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ არასრულწლოვნები სწორ ინფორმაციას მიაწვდიან. 

"წინა პროცესზე ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ. დავკითხეთ. ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ჩვენების მისაცემად მზად არიან არასრულწლოვნები ლ.შ. და გ.მ. ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემენ ისინი სასამართლოს. ბრალდების მხარეს მაღალი მოლოდინი არ აქვს, ჩვენების მიცემისას მათი მხრიდან სწორი ინფორმაციის მიწოდების. მოგეხსენებათ, ბრალდებულები და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები არ ფრთხილდებიან ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე. როგორც წინა პრაქტიკამ აჩვენა, აღნიშნული პირები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, მათ შორის, გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებულს. აუცილებლად გვექნება შეკითხვები, თუკი განსხვავება იქნება გამოძიებაში მიცემულ და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის. ასევე კითხვები გვექნება სატელეფონო კონტაქტებთან დაკავშირებით. ლ.შ.-ს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებამდე „მერსედესში“ მყოფ ბრალდებულთან - ირაკლი მუმლაძესთან აქვს 21 ზარი განხორციელებული და ასევე სხვა პირებთანაც აქვს სატელეფონო კავშირები, მათ შორის, ვახტანგ ჩიქოვანთან და ნიკოლოზ ცუცქირიძესთანაც“, - აცხადებს გუგუტიშვილი.

ცნობისთვის, 19 ივნისს, საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები.

ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს. ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა.

ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით და მას მეოთხე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.