წილოსანის "პოლიტკლასტერის" წევრი ჩიგოგიძე თვითიზოლაციაშია - რას აპირებენ თალაკვაძე და კალაძე?
წილოსანის "პოლიტკლასტერის" წევრი ჩიგოგიძე თვითიზოლაციაშია - რას აპირებენ  თალაკვაძე და კალაძე?

A+ A-

15:57 19/10/2020

კორონავირუსის ტესტის პასუხის მოლოდინშია "ქართული ოცნების" ოზურგეთი-ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც კოვიდით ინფიცირებულ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ერთად, გურიაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძეც, როგორც „2020NEWS"-ს თავად ჩიგოგიძემ განუცხადა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ შეიტყო, იმყოფება თვითიზოლაციაში - "კოვიდ-19-ის" ტესტის პასუხის მოლოდინში.

„მას შემდგომ, რაც გავიგე, რომ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა, გადავედი თვითიზოლაციაში. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და "კოვიდ-19-ისთვის" დამახასიათებელი სიმპტომები არ გამაჩნია. ჩემი მეუღლის ტესტის პასუხი უკვე ცნობილია და მას არ დაუდასტურდა კორონავირუსი",- ამბობს ჩიგოგიძე სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, გურიაში გამართულ შეხვედრაზე მყოფი სხვა პოლიტიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა მისთვის უცნობია.

„მე, ჯერჯერობით, კვლავ ველოდები პისიარტესტის პასუხს. რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთვის უცნობია. აგრეთვე, არ ვიცი არჩილ თალაკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც გურიაში გამართულ შეხვედრაზე ჩემთან ერთად იმყოფებოდა", - ამბობს ჩიგოგიძე.

შეგახსენებთ, რომ გურიაში "ქართული ოცნების" მიერ გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდა მის ერთ შვილს, მეუღლე და მეორე შვილი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ.

პრემიერმა გიიორგი გახარიამ, რომელსაც გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას ნინო წილოსანთან შეხება ჰქონდა, ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი იყო. პრემიერი თვითიზოლაციაში არ გადასულა. სავარაუდოდ, თვითიზოლაციაში არ გადავლენ პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერიც.

ხატია მამულია