ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარება არ მოხდება - აზერბაიჯანს მიზანში ქალაქი შუშა აქვს - არეშიძე
ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარება არ მოხდება - აზერბაიჯანს მიზანში ქალაქი შუშა აქვს - არეშიძე

A+ A-

17:30 19/10/2020

სომხეთმა რომც აღიაროს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სხვა ქვეყნები ამას მაინც არ გააკეთებენ, მათ შორის, არც რუსეთი. „სომხეთი თავად არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას და ცოტა უცნაურია, სხვა ქვეყნებს ამას როგორ თხოვს?“ - ამის შესახებ “2020NEWS“-თან საუბარისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს.

მამუკა არეშიძის განმარტებითვე, სომხეთის ეს მოთხოვნა დარჩება მხოლოდ განცხადებად და სხვა ქვეყნების მხრიდან არავითარი რეაქცია ამას არ მოყვება.

„პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას თავად სომხეთმა. თუ თავად არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას, უცნაურია, ამას სხვას როგორ თხოვს? იმ შემთხვევაშიც კი, თუ სომხეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, დარწმუნებული ვარ, შედეგი მაინც არ მოყვება.

აღიარება ასე ადვილად არ მოხდება. ეს არის მხოლოდ განცხადება. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ ვითარებაში აღიაროს ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ეს არის მხოლოდ სომხეთი“, - განაცხადა არეშიძემ სააგენტოსთან საუბარისას.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას კონფლიქტის ზონაში, არეშიძე აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი იყო, რადგან აზერბაიჯანისა და მასთან ერთად - თურქეთის ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ.

„ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კარგად იციან, თუ გაჩერდებიან, შესაძლებელია, უპირატესობა დაკარგონ, თანაც დიდი ხნით. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ თანახმა არიან საბრძოლო მოქმედებები შეაჩერონ, მაგრამ, მეორეს მხრივ, საბრძოლო მოქმედებს აგრძელებენ.

აზერბაიჯანისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავება. პირველი რიგის ამოცანა - ქალაქი შუშის დაკავება, რომელიც სტეფანაკერტის ახლოსაა“,- აცხადებს არეშიძე.

რაც შეხება თურქეთის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, სხვადასხვა ქვეყნის მიერ სომხეთის იარაღით მომარაგების შესახებ, არეშიძის თქმით, ესეც საჩვენებელი განცხადებაა და მას რეალური მნიშვნელობა არ აქვს.

„დეკლარატიული განცხადებაა და არ უნდა გაგვიკვირდეს. მხარებს ამარაგებენ იარაღით მსოფლიოს ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი ორივე ქვეყანას ამარაგებს იარაღით, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც“, -აღნიშნავს არეშიძე.

როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში აცხადებს, ის ომის შეჩერების პერსპექტივას, ჯერჯერობით, ვერ ხედავს. მისი თქმით, ვიდრე აშშ და მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები სერიოზულად არ ჩაერევიან ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, იმ დრომდე ეს დაპირისპირება გაგრძელდება, აშშ-ს კი ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები აქვს ჩასატარებელი.

„აზერბაიჯანი და თურქეთი ცდილობენ, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეტიდენტო არჩევნების დასრულებამდე სერიოზულ შედეგს მიაღწიონ ყარაბაღში.

სომხეთს რესურსები ეწურება, თუმცა არ არის გამორიცხული,საჭიროების შემთხვევაში, სომხეთის მხარეს ბრძოლაში რუსეთის ჯარის ნაწილები ჩაერთონ, ოღონდ არა რუსული ფორმით.

რუსეთს აწყობს მხარეების დასუსტება, მაგრამ არ აწყობს თურქეთის გაძლიერება, ამიტომ ცდილობს, უფრო და უფრო აქტიურად ითამაშოს შუამავლის როლი.თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთას ჭირდება იქ საბრძოლო მოქმედებების გაჩერება. ოღონდ ყველაფერს გააკეთებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სტეპანაკერტის აღება არ დაუშვას“, - აცხადებს არეშიძე.

შეგახენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით , ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს, თუმცა თავად სომხეთს, ჯერჯერობით, ეს არ გაუკეთებია.

ირინა მაკარიძე