"აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის"
"აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის"

A+ A-

19:17 24/10/2020

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ძარცვის დროს ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი აცხადებს, რომ მისი მისამართით გაჟღერებული ვერსიები აბსურდულია.

ხვიბლიანის თქმით, მან ადვოკატი აიყვანა და თუ საჭირო გახდება სამართლებრივად იდავებს.

"ამ საკითხს ჩემი ადვოკატი სამართლებრივად მიხედავს. აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის. როგორც კონკრეტული პირები ამბობენ, მე რომ რაიმე საეჭვო გამეკეთებინა, არ მგონია დღეს ჩემს გემოზე ვყოფილიყავი. თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, რაც შეეხება გამოძახებას, როდესაც გიძახებენ ყველანაირი აღჭურვილობით მიდიხარ, ვგულისხმობ ფორმას, გარდა იარაღისა. იმდენი რამ თქვეს ჩემზე, სისულელე იქნება ვთქვა, რომ ამისთვის მზად ვიყავითქო. როგორც მძევალი რომ გამათავისუფლეს, უკვე საღამო იყო. სახლში არ წამოვსულვარ, სამხედრო ბაზაზე წავედი, რადგან იქ უფრო მექნება სიმშვიდე და იმის საშუალება, რომ დავმშვიდებულიყავი,"- განაცხადა დავით ხვიბლიანმა "რუსთავი 2"-თან.

დავით ხვიბლიანს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც მედიასაშუალებებში გარკვეული ბრალდებები გაისმა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის შეკრული იყო თავდამსხმელთან.

დავით ხვიბლინმა იმ 16 საათზეც ისაუბრა, რომელიც ტყვეობაში გაატარა და აღნიშნა, რომ ბოროტმოქმედი მას და სხვა მძევლებს აძლევდა საშუალებას, ოჯახის წევრებთან მათი მდგომარეობის შესახებ ესაუბრათ.