უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო - ბუბა კიკაბიძე
უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო -  ბუბა კიკაბიძე

A+ A-

01:02 30/10/2020

„უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო“, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, პარტიის ორგანიზებულ  შემაჯამებელ შეხვედრაზე რუსულად შესრულებულ „თბილისოსთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, მოხდა ტექნიკური შეცდომა და ამიტომ გაჟღერდა თავისუფლების მოედანზე რევაზ ლაღიძის „თბილისო“ რუსულად. 

ამასთანავე,  ცნობილმა მომღერალმა განაცხადა, რომ მისი ბრალია, მეორე კუპლეტი შეცდომით რომ იმღერა რუსულად.

„ტექნიკური შეცდომა მოხდა. მე ამას ვმღერი უკრაინაში, მე მაქვს კარგი რუსულენოვანი პროგრამა და უკრაინაში რომ მივდივარ ვმღერი რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად. სიმღერა არის იმაზე, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო. ნუ ნერვიულობენ, მე როგორც კი ომი დაიწყო საქართველოსთან, იმის მერე არც ერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ. ჩემი განწყობა იციან, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ-ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა. ბუბა კიკაბიძე უნდა რუსულად იმღერებს, უნდა ინგლისურად, უნდა ქართულად, მაგრამ ყოველთვის მღერის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, პატარა ქვეყანაზე, რომელზეც გიჟდება ისე უყვარს. ჩემმა მეგობრებმა გაიგეს ეს, ძალიან ბევრმა დარეკა და მადელობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა. რა არის აქ ისეთი, რომ ლანძღვა დაიწყონ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

ცნობითვის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის რუსულად შესრულებულ „თბილისოს“ საზოგადოების მძიმე რეაქცია მოყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ „თმები ყალყზე დაუდგა, ისე გაოგნდა, როცა რუსულად შესრულდა რევაზ ლაღიძის სიმღერა მოისმინა.

„ქართულიოცნების“ ლიდერმა, კახი კალაძემ კი განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საბჭოთა კავშირი ენატრება.