სააკაშვილი და მისი გარემოცვა ოპოზიციას ივანიშვილის დასაცინს ხდის - ბოკერიას სკანდალური პოსტი
სააკაშვილი და მისი გარემოცვა ოპოზიციას ივანიშვილის დასაცინს ხდის - ბოკერიას სკანდალური პოსტი

A+ A-

11:47 17/11/2020

საქართველოს ექსპრეზიდენმიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდეს, პარტია ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მისი აზრით, ექსპრეზიდენტმა „განხეთქილების ვაშლის“ თამაშს თავი უნდა დაანებოს, რადგან ოპოზიციას მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დასაცინს ხდის. ამის შესახებ, ბოკერია სოციალურ ქსელში წერს და სააკაშვილის პარტიას „უსინდისო ლეგენდების“ გავრცელებაში ადანაშაულებს.  

მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ „ლეგენდების“ გავრცელებით, ამუნათებს ოპოზიციას, ლანძღავს საკუთარ მომხრეებსა და ბიძინა ივანიშვილის დასაცინს ხდის ოპოზიციას.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მიდის თუ არა იმ რისკზე, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, რადგან ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მას აუცილებლად დააკავებს.

„სააკაშვილის თემა ისევ გახდა ოპოზიციის შიგნით საჯარო დაპირისპირების საგანი. სამი სახის პრეტენზია მესმის ჩვენ მიმართ. სამივე ეს ბრალდება ფაქტობრივ სიცრუეს ეყრდნობა და/ან მცდარი ანალიზის და სისულელის ნაზავია. 1. "რა უფლებით ხართ წინააღმდეგი, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში/რატომ არ უჭერთ ამას მხარს?" - არანაირად არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღდეგი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მიდის თუ არა ამ რისკზე, რადგან ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მას, დიდი ალბათობით, დააკავებენ.

სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ უსინდისო "ლეგენდებს" ადრეც ავრცელებდა, თითქოს, 2016 წელს მე და ევროპული საქართველოსსხვა ლიდერებმა შევუშალეთ ხელი საქართველოში დაბრუნებულიყო, როცა თითქოს, ის უკვე სარფთან იყო მოსული. ეს სიცრუესთან ერთად, სრული სისულელეა. როგორ უნდა შეგვეშალა ხელი, თუ ის ამას მართლა გადაწყვეტდა. რა წამსაც არ უნდა დააკავონ სააკაშვილი, ჩვენ მას პოლიტიკურ პატიმრად ჩავთვლით. ზუსტად ისევე როგორც სხვა პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს, მიუხედავად იმისა, თუ რა აზრის ვართ მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე.

დაპირისპირებას ის ქმნის, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ თემით ჩვენ მოგვმართავს, გვამუნათებს. ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვერ ბრუნდება, ან თვითონ აანონსებს დაბრუნებას, მერე ლანძღავს საკუთარ მომხრეებს, რომლებიც მის დაბრუნებას ელიან. ამ ყველაფრით ივანიშვილის პროპაგანდა კარგად სარგებლობს. მთლიან ოპოზიციურ მოძრაობას დასცინის.

სრულ აბსურდად გადაიქცა ვითარება - თავად ითხოვს რომ მისი დაბრუნება მოითხოვონ და ვინც მოითხოვს, სუსის აგენტობას აბრალებს“,- წერს ბოკერია.

მისივე თქმით, „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის გარშემო მყოფმა ჯგუფებმა, მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ. თუმცა, თუ მთავარი ოპოზიციური პარტია შეეცდება, თავს მოახვიოს თავისი ლიდერი  სააკაშვილისადმი ნეგატიურად განწყობილ ოპოზიციურ ამომრჩეველს, ავტომატურად მიიღებს უარყოფით საჯარო რეაქციას.

"2. რა უფლებით "ღიზიანდებით", როცა მისი მომხრეები მისი პერსონის საერთო ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენას ცდილობენ - სააკაშვილმა 27% მიიღო, თქვენ -3%" სიმართლე ისაა, რომ ენმ-მ და მის გარშემო მყოფმა ჯგუფებმა არსებითად მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ, მაგრამ შეფარდება 27|3-თან არაა. დანარჩენმა ოპოზიციამ, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ოცნების“ სატელიტების გამოკლებით, 17%-ამდე აიღო. მიუხედავად იმისა რომ ეს მანიპულირებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროპორცია რეალურ არჩევნებზეც მეტ-ნაკლებად ასეთი იქნებოდა.

სააკაშვილსდა ნაციონალურ მოძრაობასაშკარა უპირატესობა აქვთ, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის - ის არ არის და არ იქნება ლიდერი.

ყველა ჯერზე, როდესაც სააკაშვილის გარემოცვა საპროტესტო ელექტორატის 1/3 -ზე მეტისთვის სააკაშვილის ლიდერად, ამა თუ იმ ფორმით თავს მოხვევას შეეცდება, ადეკვატურ ნეგატიურ საჯარო რეაქციას მიიღებს.

ამიტომ თუ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობა გვინდა, მისი ლიდერობის საკითხის დასმა, პრაგმატულად და პრინციპულად - ამისთვის საზიანო ნაბიჯია“, - წერს ბოკერია.

ასევე, მისი თქმით, ვისაც ქვეყნისთვის, საფრთხის აცილება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს.

„3. "რადგან ერთიან პროტესტში მონაწილეობთ და „ნაციონალებთან“ ერთად ერთ მიტინგზე დგახართ, მაშინ თქვენ ლიდერადაც აღიქმება და შეეგუეთ ამას." „ევროპულ საქართველოს“ და მე არ მოგვრიდებია და არ გვერიდება არცერთ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილთან დაპირისპირება. არც ადრე და არც ახლა. ამავე დროს, იმაში რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და რომ ამასთან შეგუება ქვეყნისთვის დამღუპველია, რატომ და როგორ უნდა გავემიჯნოთ? ეს ჩვენი გულწრფელი პოზიციაა.

მოკლედ რომ შევაჯამო, ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში“, - წერს ბოკერია

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო გაავრცელა, სადაც თავის ამომრჩეველს „ხელის განძრევისკენ“ მოუწოდა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციის აქციაზე - „მიშა ჩამოდის“ პლაკატებით იდგნენ, აქციაზე სუსის მოგზავნილებად მონათლა.