შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს

A+ A-

13:38 17/11/2020

როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმანო - ქვემეხები კი მართლაც შემზარავად  ქუხდნენ 1918-1921 წლებში საქართველოშიც და მის გარშემოც. ქვემეხები ქუხდნენ და ქვეყანაში იდგმებოდა სპექტაკლები, იმართებოდა კონცერტები, იწერებოდა ლექსები. ლექსები , რომელთა მოძიების იდეაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურული პროგრამებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელს ნინო სიხარულიძეს სულ სხვა პროექტზე მუშაობისას გაუჩნდა. იდეის განხორციელებაც ქალბატონმა ნინომ იტვირთა და 2019 წელს  ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა კრებული „შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს“(ქართველი პოეტები საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას). საქართველოს დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში თავმოყრილია 57 ავტორის 71 ლექსი;  აქ  შეხვდებით  გალაკტიონ ტაბიძეს, გიორგი ლეონიძეს, დარია ახვლედიანს, დუტუ მეგრელს და აქამდე უცნობ, ან ნაკლებად ცნობილ პოეტებს. კრებულს თან ერთვის ავტორების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. კრებულის შემდგენელს, ქალბატონ ნინოს  სერიოზული და შრომატევადი  კვლევა დასჭირდა ავტორთა შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, რაც ამ ნაშრომს კიდევ უფრო ფასეულს და მნიშვნელოვანს ხდის. მით უფრო, რომ სამწუხაროდ ჩვენ ისევ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის რეჟიმში ვართ და ის აღტაცება და შემართება დღესაც ძალიან გვჭირდება „მაშინდელი საქართველოს არა მხოლოდ ელიტა, არამედ რიგითი მოქალაქეებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას. საქართველო იმედით შეჰყურებდა მომავალს, ხოლო მრავალი ადამიანი ტკივილამდე განიცდიდა იმ საფრთხეებს, რომელიც ახალ საქართველოს ემუქრებოდა“- [მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია]. ტკივილიც და შემართებაც კარგად ჩანს მუშა-პოეტის აეტი გეწაძის ლექსში

შავი გველი

აი აგერ: როგორ ცოცავს,

ქეჩოს იყრის შავი გველი;

კვლავ ჩაყლაპვას გვეპირება

არამზადა, საძაგელი?!...

...ვაშა იმას, ვინც ბრძოლაში

ჩაებმება დღეს ქართველი

და მოძმისთვის თავს გასწირავს,

რომ აღგავოს ავი გველი!

მომავალშიც  გავაგრძელებთ ამ კრებულიდან დამოუკიდებელი საქართველოსადმი მიძღვნილი ,  თქვენთვის უკვე ცნობილი, თუ აქამდე უცნობი ავტორების   ლექსების წარდგენას, რადგან  როგორც კრებულის წინათქმაში აღნიშნავს ბატონი ემზარი „პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა , მხოლოდ მაშინ იძენს სხეულს, მხოლოდ მაშინ გადაიქცევა საერთო სულისკვეთებად, თუ მწერლობა ამ მოვლენას აღნიშნავს“.

ნინო გედენიძე