დაიკითხება თუ არა კარტოგრაფების საქმეზე სალომე ზურაბიშვილი?
დაიკითხება თუ არა კარტოგრაფების საქმეზე სალომე ზურაბიშვილი?

A+ A-

12:50 23/11/2020

 

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, ადვოკატებმა უკვე მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზურაბიშვილის მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით.

უფლებათადამცველები ამბობენ, რომ მას სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობაზე ბევრი ინფორმაცია აქვს, რამდენადაც 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

"სალომე ზურაბიშვილი უშუალოდ იყო ჩართული დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში. ის სადავო პერიოდის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო და ექვემდებარებოდა კომისია. როგორც მასალებიდან ირკვევა, ბევრი საკითხი სწორედ ზურაბიშვილთან თანხმდებოდა", - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა

ამასთანავე, როგორც ირკვევა დაკავებულების ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმეზე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაც მოხდეს.

"საქმე პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილს, რადგან ინტერვიუებში პირდაპირ ამბობს, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა მასალების მოსაპოვებლად. საზოგადოებასთვის მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, როდესაც საუბარია ქვეყნის ღალატზე", - განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.