რაზე ლაპარაკობენ ივანიშვილის ფავორიტი კუბლაშვილი და "გირჩელები"?
რაზე ლაპარაკობენ ივანიშვილის ფავორიტი კუბლაშვილი და "გირჩელები"?

A+ A-

15:40 23/11/2020

ხელისუფლება, ყოფილი პარლამენტარების საშუალებით, ოპოზიციური პარტიების გადაბირებასა და ოპოზიციაში განხეთქილების გაღვივებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

როგორც ინფორმირებული პირი გვიყვება, ხელისუფლება ყოფილი პარლამენტარისა და ასევე ყოფილი „ნაციონალის“, პავლე კუბლაშვილის დახმარებით, ამგვარ მოლაპარაკებას პოლიტიკური პარტიის, „გირჩის“ ლიდერებთან აწარმოებს.

თუმცა, ამ ინფორმაციას უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

როგორც ის აცხადებს, ეს ინფორმაცია მას შემდეგ არსებობს, რაც 2015 წელს “გირჩი“ დაარსდა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მცდელობა ხელისუფლებას, კუბლაშვილის შუამავლობით „გირჩის“ ლიდერებთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პავლე კუბლაშვილი პარტიის დამაარსებელი ლიდერების მეგობარია და არა - შუამავალი.

„მითხარი ვინ გითხრათ, რომ ოპოზიციას ვეყოფით და შევდივართ? პალიკო ჩვენი მეგობარია და ხშირად ვსაუბრობთ ბევრ რამეზე, ზოგადად. რაზე მაკეთებინებთ კომენტარს ცვილისწამებაზე? ეგ ინფორმაცია არსებობს მას შემდეგ, რაც „გირჩი“ შეიქმნა, მაგრამ „გირჩს“ არასოდეს მიუცია ვინმესთვის საფუძველი, ჩვენთვის დაებრალებინა, რომ ვინმე გარედან გვმართავს. არც ახლა მივცემთ.

შუამავალი ოპოზიციასა და მთავრობას შორის არიან ფასილიტატორები და ჩვენ ამ ფორმით გვაქვს მოლაპარაკებები მთავრობასთან. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც „გირჩი“ მიიღებს, მიიღებს ამ მოლაპარაკებების შედეგებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ხვიჩია.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას არანაირი საუბრის მცელობა არ აქვს, ფასილიტატორების საშუალებითაც კი.

"ხელისუფლებას არანაირი საუბრის მცელობაც კი არ აქვს, ფასილიტატორების საშუალებითაც კი. თორემ ჩვენ ისედაც ვიძახით, რომ პარლამენტში გვინდა შესვლა, მთავარია პარლამენტი იყოს და იქ შესვლა არ ტეხავდეს“, - ამბობს ხვიჩია სააგენტოსთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ პავლე კუბლაშვილი იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, მათ შორის მეერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2015 წლის 25 მაისს პალიკო კუბლაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა.

როგორც კულუარულად აცხადებენ, პავლე კუბლაშვილი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ფავორიტი ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნის დროს გახდა და სწორედ მისი საშუალებით აწარმოებს ივანიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს.

როგორც „2020NEWS”-ის წყარო აცხადებს, წორედ ასე ხდება ახლაც, ანუ მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, ივანიშვლს კი მხოლოდ ერთი გზა აქვს, როგორმე გადაიბიროს და გატეხოს ოპოზიციური პარტიები ისე, რომ თავადაც არ „დაზიანდეს“.

მარიამ მაჭარაშვილი